ვაპირებთ ყველაზე გრძელი ელექტროენერგიის გადამცემი კაბელი ავაგოთ. ეს არის ინოვაცია. აი, მე რომ 30 წლით ახალგაზრდა ვიყო, ვიტყოდი რომ შავი ზღვის ფსკერზე რომ ყველაზე გრძელი კაბელი იგება, ეს ნამდვილი Rock 'n Roll-ია - აცხადებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.
დღეს ბუქარესტში ევროკავშირის, აზერბაიჯანის, საქართველოს, უნგრეთისა და რუმინეთის ლიდერებს შორის შეხვედრა იმართება, სადაც ხელი უნდა მოეწეროს დოკუმენტს განახლებადი ენერგიების მიმართულებით თანამშრომლობისა და ვაჭრობის შესახებ.
ძირითადი განსახილველი საკითხი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტია, რომელმაც კავკასიის რეგიონი, საქართველოს გავლით, ევროკავშირთან უნდა დააკავშიროს.
„ვაპირებთ ყველაზე გრძელი ელექტროენერგიის გადამცემი კაბელი ავაგოთ. ეს არის ინოვაცია. აი, მე რომ 30 წლით ახალგაზრდა ვიყო, ვიტყოდი რომ შავი ზღვის ფსკერზე რომ ყველაზე გრძელი კაბელი იდება, ეს ნამდვილი Rock 'n Roll-ია. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და რუმინეთში და ევროკომისიის პრეზიდენტს, რომ დღეს გვაქვს საშუალება ენერგოსექტორში ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას“, - აცხადებს ვიქტორ ორბანი.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი (1100 კმ - წყალქვეშა, ხოლო 95 კმ სახმელეთო ნაწილი) რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს აღნიშნულ რეგიონებს შორის.