დღეს, 18:00 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები საპროტესტო აქციას გამართავენ. ისინი ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას გააპროტესტებენ და ხელისუფლებას ანექსიის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.
"ვაპროტესტებთ ბიჭვინთის ანექსიას. მთავრობას მოვუწოდებთ, შეაჩერონ ანექსია. ბიჭვინთა საქართველოა", - აცხადებს მოძრაობა "აფხაზეთისთვის" დამფუძნებელი, ნუკრი ნოდია.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა, დღეს, დილის 6:00 საათზე, დაჩქარებული წესით დაამტკიცა “რუსულ-აფხაზური შეთანხმება” ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტი რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის თაობაზე საერთაშორისო საზოგადოებას „ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ“ მოუწოდებს. სალომე ზურაბიშვილი „რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას“ გმობს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციის პირობებში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი.
პრემიერ-მინისტრს განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.