ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ მკურნალობას კარგი შედეგები აქვს.
მინისტრის მოადგილემ ევროპასთან ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე, აქონდროპლაზიის მკურნალობის მექანიზმის შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ არსებული მოლოდინები გამართლდება.
“რაც შეეხება აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის ვოსორიტიდით მკურნალობას, მკურნალობის კურსი გასული წლის ბოლოდან დავიწყეთ. პირველი ჯგუფი ჩაერთო უკვე წლის ბოლოს და ბავშვებს კარგი შედეგები აქვთ. იყო ერთეული გვერდითი შემთხვევის ამბავი, რაც კლინიკაში იმართა და ახლა უკვე გადავედით დეცენტრალიზებულ მოდელზე. ანუ იაშვილის კლინიკაში იწყებს ყველა ბავშვი მკურნალობას და პირველი 90 დღის შემდეგ უკვე გადავდივართ ამბულატორიის დონეზე ბავშვის სახლთან ახლოს, რადგან მათ ყოველ დღე უწევთ ინიექციის ჩასატარებლად მისვლა. როგორც თბილისში, ასევე თბილისს გარეთ. ჯერჯერობით ეს მოდელი ასე მუშაობს. შედეგები კარგია და იმედი გვაქვს, რომ გაამართლებს მოლოდინს და იმ ძალისხმევას, რომელიც იქნა გაწეული ამ მედიკამენტის შეძენის დროს“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, საქართველოში აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის შემოტანას წინ შესაბამისი დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების ხანგრძლივი პროტესტი და მოთხოვნა უძღოდა. საქართველოს მთავრობამ მედიკამენტის მწარმოებელ ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია BioMarin International Limited-თან 10.4 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გასული წლის ოქტომბერში გააფორმა. მედიკამენტ „ვოსორიტიდით“, აქონდროპლაზიის სამკურნალო პროგრამა, 2023 ნოემბერში ამოქმედდა და მასში, პირველ ეტაპზე, 6 ბენეფიციარი ჩაერთო.