საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საპარლამენტო არჩევნების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 19 ნოემბერს წარადგინა.
სარჩელი საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სტანდარტებით "გარანტირებული მთავარი უფლებების" დარღვევას ეხება, რაც ხმის მიცემის ფარულობის და ხმის მიცემის საყოველთაობის დარღვევას მოიცავს.
სასამართლოს აღნიშნული სარჩელის განსახილველად 30 დღის ვადა აქვს. "ქართული ოცნება" კი პირველი საპარლამენტო სხდომის ჩატარებას არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 10 დღის შემდეგ, ანუ 25 ნოემბერს გეგმავს. კონსტიტუციონალისტების "საქმიან დილასთან" საუბრისას განმარტავენ რომ, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი მიიღო, პარლამენტი აღნიშნულ ვადაში ვერ შეიკრიბება.
"საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში არის შესაბამისი მუხლი, რომელიც ამბობს, რომ მანამ სანამ კონკრეტული პირის პარლამენტში შესვლის საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული და საქმე განხილვის პროცესშია, ამ პირის პარლამენტში შესვლა დაუშვებელია.
იქიდან გამომდინარე, რომ პროპორციული არჩევნებია და მთლიანად არჩევნების შედეგები და მისი კონსტიტუციურობაა გასაჩივრებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა დეპუტატის არჩევის საკითხია გასაჩივრებული. შესაბამისად, დადგენილებაში ვერცერთი მათგანის შეყვანა ვერ უნდა მოხერხდეს, მანამ სანამ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება", - განუცხადა კონსტანტინე ჩოკორაიამ და განმარტა, რომ ეს, შესაძლოა, დროის მოგების მცდელობად ჩაითვალოს, თუმცა არსებობს იმის ალბათობაც, რომ სასამართლომ დაჩქარებულად იმსჯელოს, რათა 25 ნოემბერს დაანონსებულმა თარიღმა არ გადაიწიოს.
კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი პრეზიდენტის სარჩელთან დაკავშირებით განსხვავებულ სცენარს განიხილავს, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლომ შესაძლოა პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში არ მიიღოს.
"იმის გათვალისწინებით, თუ რა დინამიკაშია დღეს მოცემული რეჟიმი, რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, არამხოლოდ ამ სხდომის მოწვევას, არამედ ამ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას, თანაც იმ პირობებში, როცა საკონსტიტუციო სასამართლო არის მიტაცებული, გაკონტროლებული და სრულად რეჟიმის მიერ მიღებული ნორმებისა და არაკონსტიტუციური ნაბიჯების კონსტიტუციურად გამოცხადებას ემსახურება - ამ მსჯელობის საფუძველი არსებობს.
რეჟიმი არ დაუშვებს, რომ მოწინააღმდეგეებმა მისდამი დაქვემდებარებული ინსტიტუტი ხელის შეშლის საშუალებად გამოიყენონ. შესაბამისად, ამ ანალიზიდან გამომდინარე, ჩემი მოლოდინი არის, რომ რეჟიმი საკონსტიტუციო სასამართლოს აიძულებს, რომ მაქსიმუმ პარასკევის ჩათვლით პრეზიდენტის სარჩელის არ მიღებაზე განჩინება გამოაცხადოს. და ამას სასამართლო ნაცვლად განსაზღვრული 30 დღისა, 3 დღეში გააკეთებს", - განმარტავს კონსტიტუციონალისტი, დავით ზედელაშვილი.
კითხვაზე - რამდენად აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის უფლებამოსილება, კონსტიტუციონალისტები განმარტავენ, რომ დასაბუთების შემთხვევაში მას ამის უფლება აქვს და დასაბუთების შესაძლო მექანიზმებსაც განიხილავენ:
"რეალურად, პირდაპირ არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობა ვერ საჩივრდება, მხოლოდ მის მომწესრიგებელ ნორმებს ასაჩივრებ. ანუ უნდა დაამტკიცო, რომ არაკონსტიტუციურობა მისმა მომწესრიგებელმა ნორმებმა განაპირობა. ეს თავის არსით იმას მოიაზრებს, რომ თუ ნორმები კონსტიტუციურია, მაგრამ ისინი ბრუტალურად დაარღვიეს, მაშინ ეს საკონსტიტუციო სასამართლოს სამსჯელი საკითხი არ არის.
ამას ახალი შეზღუდვაც ემატება - თუ აღნიშნული ნორმები არჩევნების ჩატარებამდე ბოლო 15 თვის განმავლობაში არ არის მიღებული და უფრო ადრეა მიღებული, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლომ ამაზე საერთოდ არ უნდა იმსჯელოს", - განმარტავს დავით ზედელაშვილი.
კონსტიტუციონალისტი კონსტანტინე ჩოკორაია საკონსტიტუციოს მიერ პრეზიდენტის სარჩელის წარმოებაში არმიღების სცენარს სხვა არგუმენტებს უპირისპირებს:
"არჩევნები უკვე ჩატარებულია, ამ ნორმის შინაარსი კი გულისხმობს, რომ მსგავსი განხილვის წარმართვა არჩევნებამდე არ უნდა მოხდეს და არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ შეექმნას.
და მეორე, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი და გამოსაყენებელი არგუმენტია ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა კონკრეტული ნორმა 15 თვით ადრეა მიღებული, თუმცა მისი ნორმატიული შინაარსი გამომჟღავნებულია იმ ფორმით, რომელზეც შეუძლებელი იყო არჩევნებამდე გვემსჯელა. ანუ თავად ელექტრონული არჩევნები კი არ არის პრობლემა, არამედ ელექტრონული არჩევნების იმ ფორმით ჩატარება, როცა ფარულობა ირღვევა. ამიტომ, ყველანაირი არგუმენტი არსებობს", - აღნიშნავს კონსტიტუციონალისტი.
კონსტიტუციონალისტები პრეზიდენტის ამ ნაბიჯს აფასებენ როგორც მცდელობას, რომ 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა არ აღიარდეს.