წლების განმავლობაში, კომპიუტერული პროცესორების ბაზარზე Intel-ს სრული დომინაცია ჰქონდა, რაც მისი ტექნოლოგიურებით და გამორჩეული ტექნიკური შესაძლებლობებით იყო განპირობებული. მიუხედავად ასეთი რეპუტაციისა, ბოლო დროს, Intel-მა ლიდერის წოდება დაკარგა და ინდუსტრიის ყურადღება მის კონკურენტებზე, კერძოდ, AMD-ზე, Nvidia-სა და Qualcomm-ზე გადაერთო.
Intel-ის ჩამორჩენას ის ფაქტი განაპირობებდა, რომ ამერიკულმა კომპანიამ საკუთარ პროცესორებში ხელოვნური ინტელექტის ჩაშენება ზედმეტად დააგვიანა, ეს შეცდომა კი მას ძვირად დაუჯდა.
ახლა უკვე Intel-ის ხელმძღვანელობას შეცდომის გამოსწორებას სურს, რისთვისაც მათ კომპიუტერული პროცესორების ახალი არქიტექტურა - Lunar Lake წარმოადგინეს, რომელმაც, როგორც Intel-ში ამბობენ, ბაზარზე არსებულ ნებისმიერ კონკურენტს უნდა აჯობოს, როგორც გამოთვლითი სიმძლავრით, ასევე AI-გენერაციის სიჩქარით.
Lunar Lake-ის არქიტექტურამ მისი წინამორბედის, Meteor Lake-ის შედეგებს ყველა პარამეტრში უნდა აჯობოს. კერძოდ, პროცესორის (CPU) სიმძლავრე 14%-ით უნდა გაიზარდოს, გრაფიკული გამოთვლა 50%-ით უნდა დაჩქარდეს და ენერგოეფექტიანობა 60%-ით უნდა გაიზარდოს, რაც იმას ნიშნავს, რომ Lunar Lake-ის ტიპის პროცესორის მქონე ლეპტოპს მარტივად შეეძლება მთელი დღის განმავლობაში დამუხტვის გარეშე მუშაობა, რაც აქამდე Intel-ისთვის თითქმის შეუძლებელი იყო.
Lunar Lake-ის არქიტექტურამ პირდაპირი კონკურენცია უნდა გაუწიოს Qualcomm Snapdragon X Elite-ს, რომელიც Microsoft-ის რჩეულ პროცესორად იქცა და ახალ Surface-ში სწორედ მას ვხედავთ.
როგორც Intel-ში ამბობენ, ახალ პროცესორს არ ექნება დამოუკიდებელი ოპერატიული მეხსიერების ბარათი, რადგან LPDDR5X-ის ტიპის RAM-ის სისტემა პროცესორში თავად იქნება ჩაშენებული - 16GB ან 32GB-ის ფორმატში. ეს ცვლილება მონაცემების დამუშავების პროცესს აჩქარებს და ენერგიის დაზოგვის საშუალებას იძლევა, რაც დღეს ყველა ტექნოლოგიური კომპანიის მთავარი პრიორიტეტია.
Lunar Lake-ის სერიის პროცესორები ბაზარზე 2024 წლის ბოლოდან გამოჩნდება, ლეპტოპების მწარმოებელი კომპანიები კი მას 2025 წლის მოდელებში ჩაამონტაჟებენ.