არ არის ეს სწორი ინფორმაცია, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მედიის მიერ დასმულ კითხვას გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ.
თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,დედაქალაქის მერმა განმარტა, რომ ბიძინა ივანიშვილს უცხოური ბანკები პოლიტიკური მოტივით ექცევიან უსამართლოდ და მის კუთვნილ თანხებს არ უბრუნებენ.
„ნუ ავრცელებთ ამ სისულელეებს და ტყუილებს. ადამიანს ყველანაირი სასამართლო მოგებული აქვს და პოლიტიკური მოტივით ექცევიან უსამართლოდ და მის თანხებს არ უბრუნებენ. ამასთან დაკავშირებით თავად ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება. მცდელობა აქვთ, რომ ხალხი დაზაფრონ. მათ მინდა ვუთხრა, არანაირი პრობლემა არ არის, თუ დაგვასანქცირებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ხელისუფლების წევრების დასანქცირების სავარაუდო მოტივებია ის, რომ საქართველო არ შეუერთდა სანქციებს და არ გახსნა მეორე ფრონტი.
„გაუგებარია, რატომ უნდა დაგვასანქცირონ, რას აკეთებს ან რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ, რომ სანქციების ქვეშ მოვექცეთ. ვაკეთებთ ორ რამეს - ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, არ გავხსენით მეორე ფრონტი და არ შევუერდით სანქციებს. ამის გამო თუ ვინმეს სურვილი აქვს, რომ მოგვექცეს უსამართლოდ და დაგვსაჯონ კი ბატონო. როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ანტიდემოკრატიული, ზოგადად დემოკრატიის და ევროპულობის ლოგიკას თავადვე ეწინააღმდეგებიან ამ აბსურდული განცხადებებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.