მთავრობის განკარგულების თანახმად, 2025 წლის რთველის სეზონზეც იმოქმედებს შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა, რომელიც ღვინის კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს ყურძნის გადამუშავებისთვის ბანკებისგან საკრედიტო რესურსი შეღავათიანი პირობებით მოიზიდონ.
პროგრამის ეს ქვეკომპონენტი 2013 წლიდან მოქმედებს და ის რთველის ხელშეწყობისთვის არის განკუთვნილი.
სოფლის განვითარების სააგენტოს თანახმად, პროექტში გასაცემი კრედიტების მინიმალური მოცულობა 20,000 ლარს შეადგენს, კრედიტის მაქსიმალური ოდენობა კი ერთ კომპანიაზე 15 მილიონი ლარია. ამ კრედიტების საპროცენტო განაკვეთს პროგრამა 16%-მდე სრულად ასუბსიდირებს.
პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის მიმართულებით დასაქმებული ფერმერები და საწარმოები საფინანსო ინსტიტუტებისგან იღებენ შეღავათიან აგროკრედიტს და აგროლიზინგს ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის.
განახლებული განკარგულების თანახმად, 2025 წლის რთველის სეზონზე გახანგრძლივდა პროგრამის 4 ქვეკომპონენტი - ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოები, ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოები, რომლებიც ყურძნის შეძენას მოახდენენ სპირტის წარმოების მიზნით, არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოები და ერთწლოვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტი.
პროგრამაში 10 კომერციული ბანკი მონაწილეობს.
გარდა კომერციული ბანკების კრედიტის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებისა, სახელმწიფო რთველში პირდაპირაც მონაწილეობს, რისთვისაც "მოსავლის მართვის კომპანიას" დაევალა 50 მილიონი ლარის ფარგლებში შეიძინოს ბაზარზე ჩაუბარებელი "ჭარბი ყურძენი".




























