მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შეგვიძლია რეგულირებაზეც ვიმსჯელოთ“ - "კარფურის" წინააღმდეგ დაწყებული დავის შემდეგ პარლამენტში რითეილერები დაიბარეს

60a3d062855f9
ელენე გოგბერაშვილი
18.05.21 22:40
1909
საქალაქო სასამართლომ "კარფურის" წინააღმდეგ ქართველი მწარმოებლებისა და დისტრიბუტორების სარჩელები წარმოებაში უკვე მიიღო. ამ დროისათვის საერთაშორისო ბრენდს უკანონო და არაპარტნიორული დამოკიდებულების გამო სასამართლოში 10 ქართული კომპანია უჩივის. რამდენიმე სარჩელს იურისტები კიდევ ამზადებენ.

ქართული კომპანიები "კარფურს" სამართლებრივი საფუძვლის გარეშე საკმაოდ სოლიდური თანხების ჩამოჭრას ედავებიან.

მას შემდეგ, რაც დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციამ საერთაშორისო ბრენდის დამოკიდებულების შესახებ საქმის კურსში ჩააყენა პარლამენტის დარგობრივი კომიტეტი, გასულ კვირას პარლამენტში რითეილ ასოციაციაც დაიბარეს, რომელთა შორის "კარფურის" წარმომადგენლებიც არიან. კომიტეტის თავმჯდომარე მათი კომპეტენციის ფარგლებში პროცესების გასაჯანსარებლად საკანონმდებლო ცვლილებს არ გამორიცხავს. როგორც დავით სონღულაშვილი ამბობს, გამორიცხული არ არის ასევე "კარფურსა" და ქართველ მწარმოებლებს შორის არსებული დავის გამო კომიტეტში სამუშაო ჯგუფიც შეიქმნას.

„რიგ შემთხვევაში არის ბიზნეს მოდელები, რაზეც არის აწყობილი თითოეული რითეილერის პლატფორმა, რაც მათი გადასაწყვეტია და ეს არის კერძო პირებს შორის მოლაპარაკებების საგანი და იქ, სადაც არ არის, როგორ შეიძლება იყოს ჯანსაღი სექტორი. ამ ნაწილში ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ როგორც დისტრიბუტორებთან, ისე რითეილერებთან და ვეცდებით ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში იქამდე, სადამდეც შეიძლება საკანონმდებლო დონეზე ან რამე იყოს ხელშეწყობილი, მზად ვართ სექტორი იყოს მაქსიმალურად ჯანსაღი.

თუ რეგულირება საჭირო გახდა სექტორის ინეტერსებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ამ ეტაპზე საუბარი იყო მოგვესმინა მათი პოზიცია, თუმცა არსებითი განხილვა არ ყოფილა. მათ თავიანთი პოზიციები აქვთ, თუმცა თუ იქნება რაიმე კითხვები, რომელსაც ვერ გაეცა პასუხი, შევეცდებით დავაახლოოთ პოზიციები ჩვენი კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში. შეიძლება გამოიყოს სამუშაო ჯგუფებიც, რაც ემსახურება სექტორის გაჯანსაღებას“, - აცხადებს სონღულაშვილი.

შეგახსენებთ, რითეილერებსა და მიმწოდებლებს შორის ურთიერთობების საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებაზე ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტი მუშაობდა, თუმცა პროცესები სამუშაო რეჟიმს ვერ გასცდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბაზრის მონიტორინგის შემდეგ ბაზრის სუსტი მოთამაშეების ინტერსების დამცავი საკანონმდებლო ნორმის შემოღების რეკომენდაცია პარლამენტს საქართველოს კონკურენციის სააგენტომაც გაუგზავნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები