მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შეგვიძლია შევთავაზოთ თურქმენეთს დახმარება ენერგეტიკული რესურსების ტრანზიტის თვალსაზრისით - კობახიძე

მთავრობა
07.03.25 15:29
850

"ოცნების" პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობებში ძალიან კონკრეტული პროგრესი ექნებათ, მომავალში იმ შეთანხმებებიდან გამომდინარე, რომლებსაც მოეწერა ხელი. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თურქმენეთი, ენერგეტიკული თვალსაზრისით, ძალიან მდიდარი რესურსებით გამორჩეული ქვეყანაა და შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ეს იყო.

„ჩვენ შეგვიძლია, შევთავაზოთ თურქმენეთს ძალიან კონკრეტული დახმარება ენერგეტიკული რესურსების ტრანზიტის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ჩვენც გვაქვს ინტერესი, შევისყიდოთ ენერგეტიკული რესურსები თურქმენეთისგან. ამ საკითხებზე გვქონდა ძალიან საინტერესო საუბრები და ვფიქრობ, ძალიან კონკრეტული პროგრესი გვექნება ურთიერთობებში უახლოეს მომავალში იმ შეთანხმებებიდან გამომდინარე, რომლებსაც ხელი მოეწერა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ თანამშრომლობას და ამ კუთხით ურთიერთობების განსავითარებლად ძალიან დიდი სივრცეა.

„თურქმენეთი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო და პოზიტიური პოლიტიკური თანამშრომლობა. ჩვენ დღეს საუბარი გვქონდა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ამ კუთხით არის ძალიან დიდი სივრცე იმისათვის, რომ განვავითაროთ ურთიერთობები. საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, განავითაროს საკუთარი როლი შუა დერეფნის ფარგლებში და ამ კუთხით თურქმენეთთან თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ჩვენ გვქონდა საუბარი ძალიან კონკრეტულ საკითხებზე, რომელთანაც არის დაკავშირებული ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება. ასევე ჩვენს მინისტრებს ჰქონდათ საუბარი ძალიან კონკრეტულ საკითხებზე, ხელი მოეწერა რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას. ვფიქრობთ, ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს თანამშრომლობის განვითარებას, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური კუთხით. ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პოტენციალი არის ძალიან დიდი და ამას განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ. მე მქონდა ძალიან საინტერესო და პოზიტიური შეხვედრა ბატონ პრეზიდენტთან, სადაც განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა ასპექტი“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები