მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შეგვიძლია ვთქვათ, რომ სატენდერო პროცესი დასრულებული არ არის - რა ეტაპზეა მოლაპარაკებები ანაკლიის პორტის პოტენციურ ინვესტორთან?

მარიამ ქვრივიშვილი

ანაკლიის პორტის პოტენციურ ინვესტორ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან მოლაპარაკებები ისევ გრძელდება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი CCCC-ი უპირატეს ინვესტორად 2024 წლის 29 მაისს გამოაცხადეს, მაშინ ითქვა, რომ ხელშეკრულება შერჩეულ კომპანიასთან უახლოეს პერიოდში გაფორმდებოდა, თუმცა დღემდე მოლაპარაკებები არ დასრულებულა.

“გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკებები კონსორციუმთან, რომელმაც ტენდერში შემოიტანა განაცხადი. დღეს შეგვიძლია ასე ვთქვათ, რომ სატენდერო პროცესი დასრულებული არ არის. გვაქვს რამდენიმე გამოკვეთილი საკითხი, რომლის გარშემო მიდის კონსორციუმთან დისკუსია და მსჯელობა, იმისთვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა. შეიძლება ასევე ვთქვათ, რომ ვართ პოზიციების შეჯერების პროცესში”, - ამბობს ქვრივიშვილი.

რა ვადაში უნდა დასრულდება მოლაპარაკებები "ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრს არ დაუკონკრეტებია. თქვა, რომ “ აქვთ საფუძვლიანი მოლოდინი, რომ მოლაპარაკებები მალე დასრულდება”, ასევე აქვთ “საფუძვლიანი მოლოდინი, რომ ქვეყნის ინტერესები სრულად იქნება გათავალისწინებული”.

მარიამ ქვრივიშვილი დარწმუნებულია, რომ 2029 წელს პორტის პირველი ფაზა დასრულდება და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ტვირთების მიღებას შეძლებს.

“შეიძლება უკვე ითქვას, რომ ანაკლიაში დასრულებულია სამობილიზაციო სამუშაოები და ვემზადებით, რომ გადავიდეთ მეორე ეტაპზე, რაც უშუალოდ მშენებლობის დაწყებას გულისხმობს. იცით, რომ ანაკლიის პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილა თავად დააფინანსოს ფუნდამენტური ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც დღეს უკვე მიმდინარე პროცესშია”, - ამბობს ქვრივიშვილი.

მისი თქმით, პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, 2029 წელს ნავსადგური 600 000 TEU კონტეინერს მიიღებს. მეორე ფაზის დასრულება კი, 2036 წელს მოხდება, რითაც პორტის გამტარუნარიანობა უნდა გაორმადგეს.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ბიუჯერის პროექტით, ანაკლიის პორტის დაფინანსება 100 მილიონი ლარით, 50 მილიონ ლარამდე მცირდება. "ანაკლიის ნაწილში გადარიცხული იყო წინა წლის ჩათვლით 70 მილიონი ლარი, წელს 150 მილიონი ლარი და მომდევნო წელს 50 მილიონი ლარი სრულად გვაძლევს 2026 წლის ბოლომდე დაფინანსებას. ჩვენ უკვე გავიარეთ სამინისტროსთან და მშენებელ კომპანიასთან და ის თანხები გამოვყავით 2026 წლისთვის", - განმარტა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კაკაურიძემ.

რა იცვლება ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსებაში 2026 წელს:

„სამშენებლო ნებართვის მიღების შემდგომ დაიწყება ტალღმტეხელის პირველი სექციის მშენებლობა. 2026 წლის დასაწყისში იგეგმება მცირე ზომის დამღრმავებელი გემის/მიწახაპია შემოსვლა ნიადაგის გასაუმჯობესებელი სამუშაოების განხორციელებისთვის, 2026 წლის ივლისში იგეგმება დიდი დამღრმავებელი გემის ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში შემოყვანა და დაღრმავებითი სამუშაოების დაწყება, ხოლო აღნიშნული სამუშაოები 2027 წლის გაზაფხულზე დასრულდება. ტალღმტეხის მშენებლობისა და ფსკერის დაღრმავების სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასრულების თარიღია 2027 წლის 14 მაისი, თუმცა მოლოდინია რომ ის 2026 წლის ბოლოს ან 2027-ის დასაწყისში დასრულდება. შედეგად ორგანიზაციას ექსპლუატაციაში ექნება წყლის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი (ტალღმტეხელი, დაღრმავებული შემოსასვლელი არხი და მოსაბრუნებელი არხი), ხოლო იმისთვის რომ სრულად დასრულდეს წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, საჭიროა დამატებით აშენდეს ნავმისადგომი, რომელიც გახლავთ ცალკე შესყიდვის ობიექტი“,- წერია 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის განმარტებით ბარათში.

ამასთან, წელს შეიცვალა პორტის საპროექტო დოკუმენტაცია, კერძოდ - შეიცვალა პორტის ტალღმტეხი ნაგებობის სიგრძე და ის 1500 მეტრის ნაცვლად 1370 მეტრი იქნება. ასევე შეიცვალა და მცირედით ჩრდილოეთი წაინაცვლებს პორტის მოსაბრუნებელი ადგილის რადიუსი და ის 300 მეტრის სიგრძის ნაცვლად 271 მეტრი იქნება. მისასვლელი არხის, მოსაბრუნებელი ადგილის და ტალღმტეხის ფართობი პირვანდელი პროექტით 123.5 ჰექტარი უნდა ყოფილიყო და ის 113.1 ჰექტარამდე შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები