პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მარიამ ქვრივიშვილის ჩიენთში ვიზიტის ფარგლებში ანაკლიის პორტზეც იქნება საუბარი. ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე არსებობს თუ არა კვლავ ინტერესი ჩინური მხარის მიერ პორტის განვითარებაში ინვესტირებაზე, კობახიძე ამბობს, რომ მოლაპარაკებები გრძელდება.
“ჩინეთში ვიზიტისას ყველა თემაზე იქნება საუბარი, მათ შორის ანაკლიაზეც იქნება საუბარი. [ინტერესი] რა თქმა უნდა შენარჩუნებულია, მოლაპარაკებები გრძელება, დანარჩენს დაველოდოთ.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, უახლოეს მომავალში გექნებათ სიახლეები ანაკლიასთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ჩინეთის კომერციის მინისტრთან გამართა შეხვედრა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუბრის ძირითადი თემა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში შესატანი ცვლილებები იყო, ასევე საუბარი შეეხო ლოგისტიკური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სფეროებში თანამშრომლობას. თუმცა, სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში არაა ნათქვამი იყო თუ არა საუბარი უშუალოდ ანაკლიის პორტის პროექტის შესახებაც.
გაჭიანურებული მოლაპარაკებები ანაკლიის პორტის შესახებ:
2024 წლის მაისში ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსში უპირატეს მონაწილედ ჩინური სახელმწიფო კონსორციუმი CCCC დასახელდა. მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ამ კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმება საკითხების დაზუსტების შემდეგ "უახლოეს დღეებში" გაფორმდებოდა, თუმცა უკვე ერთი წელი და 11 თვე გავიდა და ამ დრომდე CCCC-თან საინვესტიციო შეთანხმება გაფორმებული არაა. შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში სახელმწიფო ამ კომპანიას "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" კომპანიის 49%-ის წილს გადასცემს, CCCC-ის ვალდებულება კი პორტში ასობით მილიონი დოლარის ჩადება და მისი ოპერირება იქნება. პროექტის პირველი ფაზის ღირებულება $600 მილიონამდეა. თუმცა, როგორც ცნობილია CCCC-ის აქვს კითხვები პროექტის კომერციულ რისკებზე, მთავრობა კი აცხადებს, რომ ინვესტორთან გააფორმებს მხოლოდ ისეთ შეთანხმებას, რომელიც სესხის და ტვირთების გარანტიას არ ითვალისწინებს. "6 ძირითადი საკითხია, რაც დასაზუსტებელია" - განაცხადა 2025 წლის სექტემბერში ირაკლი კობახიძემ, როცა BMG-მ CCCC-თან მოლაპარაკებების პროცესი მოიკითხა.
შესაბამისად, უკვე არაერთი თვეა ამ მიმართულებით სიახლე ფაქტობრივად არ ყოფილა და მთავრობა მხოლოდ აცხადებს, რომ საზოგადოებას პროექტის შესახებ "უახლოეს მომავალში" მეტ ინფორმაციას აცნობებენ, თუმცა თუ რას ნიშნავს "უახლოესი მომავალი" უცნობია. ასე მაგალითად, 2025 წლის იანვარში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა, რომ "ძალიან მალე" ანაკლიასთან დაკავშირებით "მეტი სიცხადე" იქნებოდა, თუმცა ამ განცხადებიდან სამი თვის შემდეგაც მთავრობის მიერ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ახალი არაფერი თქმულა.
2026 წელს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე 50 მილიონ ლარს დახარჯავს. საუბარია 2024 წლის აგვისტოში გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად, ბელგიური კომპანია Jan De Nul-ის მიერ ზღვის ფსკერის დაღრმავების და ტალღმტეხელის მოწყობაზე, რომლის ჯამური ღირებულებაც 204 მილიონი დოლარია.
BMG-იმ კითხვით მიმართა თავად ჩინურ კომპანიასაც, თუმცა მათგან პასუხი არ მიგვიღია.




























