ეკონომიკის მინისტრის მოადგილის და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სახელმწიფო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თამარ იოსელიანის განცხადებით, მთავრობა იმედოვნებს, რომ ანაკლიის პორტის კერძო ინვესტორის შერჩევის პროცესში მეტი სიცხადე იქნება.
განცხადება უკავშირდება ჯერ კიდევ 2024 წლის მაისში ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსში უპირატეს მონაწილედ ჩინური სახელმწიფო კონსორციუმის CCCC-ის დასახელებას. მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ამ კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმება საკითხების დაზუსტების შემდეგ "უახლოეს დღეებში" გაფორმდებოდა, თუმცა უკვე ერთი წელი და შვიდი თვე გავიდა და ამ დრომდე CCCC-თან საინვესტიციო შეთანხმება გაფორმებული არაა. შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში სახელმწიფო ამ კომპანიას "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" კომპანიის 49%-ის წილს გადასცემს, CCCC-ის ვალდებულება კი პორტში ასობით მილიონი დოლარის ჩადება და მისი ოპერირება იქნება. პროექტის პირველი ფაზის ღირებულება $600 მილიონამდეა. თუმცა, როგორც ცნობილია CCCC-ის აქვს კითხვები პროექტის კომერციულ რისკებზე, მთავრობა კი აცხადებს, რომ ინვესტორთან გააფორმებს მხოლოდ ისეთ შეთანხმებას, რომელიც სესხის და ტვირთების გარანტიას არ ითვალისწინებს. "6 ძირითადი საკითხია, რაც დასაზუსტებელია" - განაცხადა მიმდინარე წლის სექტემბერში ირაკლი კობახიძემ, როცა BMG-მ CCCC-თან მოლაპარაკებების პროცესი მოიკითხა.
"ვაგრძელებთ მუშაობას კერძო ინვესტორის შერჩევის მიზნით და ვფიქრობთ, ძალიან მალე ამ კუთხითაც უფრო მეტი სიცხადე გვექნება," - აცხადებს თამარ იოსელიანი.
პროექტზე კონკრეტული კერძო ინვესტორის არარსებობის მიუხედავად, მინისტრის მოადგილე კვლავ აცხადებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პირველ გემს 2029 წელს მიიღებს.
„ჩვენი ამოცანაა, ისე დავაპროექტოთ ანაკლიის პორტი, რომ მოვერგოთ იმ მოთხოვნებს, რაც ჩვენს რეალურ დროში არსებობს და რეგიონში ჰაბად ჩამოვყალიბდეთ. პირველ გემს ანაკლიის ნავსადგური 2029 წელს მიიღებს. დაკონტრაქტებული გვყავს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბელგიური კომპანია „იან დე ნული,“ უკვე ვასრულებთ საპროექტო და სამობილიზაციო სამუშაოებს, შესაბამისად, ძალიან მალე გადავლენ აქტიურ სამშენებლო სამუშაოებზე, რაც გულისხმობს სახელმწიფო ინვესტიციას ანაკლიის საზღვაო ნავსადგურში - შედეგად აშენდება წყლის ინფრასტრუქტურა, ტალღამრიდი და აუზი დაღრმავდება 16 მეტრამდე,“ - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
2026 წელს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე 50 მილიონ ლარს დახარჯავს. საუბარია 2024 წლის აგვისტოში გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად, ბელგიური კომპანია Jan De Nul-ის მიერ ზღვის ფსკერის დაღრმავების და ტალღმტეხელის მოწყობაზე, რომლის ჯამური ღირებულებაც 204 მილიონი დოლარია.
რა სამუშაოები არის დაგეგმილი პორტის პროექტზე 2026 წელს - ბიუჯეტის მიხედვით:
„სამშენებლო ნებართვის მიღების შემდგომ დაიწყება ტალღმტეხელის პირველი სექციის მშენებლობა. 2026 წლის დასაწყისში იგეგმება მცირე ზომის დამღრმავებელი გემის/მიწახაპია შემოსვლა ნიადაგის გასაუმჯობესებელი სამუშაოების განხორციელებისთვის, 2026 წლის ივლისში იგეგმება დიდი დამღრმავებელი გემის ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში შემოყვანა და დაღრმავებითი სამუშაოების დაწყება, ხოლო აღნიშნული სამუშაოები 2027 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
ტალღმტეხის მშენებლობისა და ფსკერის დაღრმავების სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასრულების თარიღია 2027 წლის 14 მაისი, თუმცა მოლოდინია რომ ის 2026 წლის ბოლოს ან 2027-ის დასაწყისში დასრულდება.
შედეგად ორგანიზაციას ექსპლუატაციაში ექნება წყლის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი (ტალღმტეხელი, დაღრმავებული შემოსასვლელი არხი და მოსაბრუნებელი არხი), ხოლო იმისთვის რომ სრულად დასრულდეს წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, საჭიროა დამატებით აშენდეს ნავმისადგომი, რომელიც გახლავთ ცალკე შესყიდვის ობიექტი“,- წერია 2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.
2025 წელს შეიცვალა პორტის საპროექტო დოკუმენტაცია, კერძოდ - შეიცვალა პორტის ტალღმტეხი ნაგებობის სიგრძე და ის 1500 მეტრის ნაცვლად 1370 მეტრი იქნება. ასევე შეიცვალა და მცირედით ჩრდილოეთი წაინაცვლებს პორტის მოსაბრუნებელი ადგილის რადიუსი და ის 300 მეტრის სიგრძის ნაცვლად 271 მეტრი იქნება.
მისასვლელი არხის, მოსაბრუნებელი ადგილის და ტალღმტეხის ფართობი პირვანდელი პროექტით 123.5 ჰექტარი უნდა ყოფილიყო და ის 113.1 ჰექტარამდე შემცირდა.
ცნობისთვის, პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ წინასწარი გათვლებით, პორტმა წელიწადში დაახლოებით 600 ათასი TEU (7.8 მილიონი ტონა) გამტარიანობას უნდა მიაღწიოს. ასევე ანაკლიაში ახალი ნავსადგურის ფსკერი არანაკლებს 16 მეტრამდე უნდა დაღრმავდეს.





























