საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ზამთარში ტურიზმი საერთოდ მოკვდა, რაც ქვეყანაში ბოლო სამი თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენებით არის განპირობებული.
მიხეილ ჭელიძე მიიჩნევს, რომ ტურისტების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესის შემცირება იმ მოქალაქეების პასუხისმგებლობაცაა, რომლებიც საპროტესტო აქციებს მართავენ. BMG tv-ის გადაცემა „ანალიტიკასთან“ ინტერვიუში ჭელიძე კვების ობიექტების შემცირებულ დატვირთვაზე საუბრობს და ამბობს, რომ მათი ნაწილი მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წევრები არიან.
„ბოლო სამი თვე ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ჯერ მარტო იმ ნაწილში, რომ ბოლო პერიოდში ძალიან შეიზღუდა ჰორეკა ბიზნესი და ძალიან დაარტყა სასტუმროებს რესტორნებს, კაფეებს. ტურიზმი, ზამთარში ისედაც შემცირებულია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთოდ მოკვდა.
რუსთაველის და შარდენის მიმდებარე ტერიტორიაზე რაც რესტორნებია, მათ ძალიან დაარტყათ, რადგან პრაქტიკულად მუშაობა აღარ აქვთ. თვეში შეიძლება 1000 ლარის ბრუნვა ჰქონოდათ, რაც როდესაც ვალდებულებები გაქვს აღებული, პრაქტიკულად, დაკეტვას ნიშნავს.
ეს ყველაფერი ზოგადად ქვეყნის პასუხისმგებლობაა. ზოგადად, ის მოქალაქეები, რომლებიც აპროტესტებენ და ტურისტები დააფრთხეს, ისინიც ჩვენი მოქალაქეები არიან... ერთი ქვაბია და ყველას თავისი ადგილი აქვს, ამიტომ ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“, - ამბობს ჭელიძე.
„ანალიტიკას“ წამყვანის კითხვაზე - შეიძლება თუ არა მოქალაქეს ხელისუფლების დონის პასუხისმგებლობა ჰქონდეს, მიხეილ ჭელიძე პასუხობს, რომ კი.
„თუ კი ის [მოქალაქე] აქტიურად გამოხატავს თავის პოზიციას, გამოდის ქუჩაში და აპროტესტებს, დარბევებია... ანუ ის თავისთავად ამის მონაწილეა, შესაბამისად, მისი პასუხისმგებლობაც არის, რომ ტურისტმა გადაიფიქრა და საქართველოში აღარ ჩავა“, - მიიჩნევს ის.