საქმიანი ტურიზმის სააგენტო „ოდა დიემსის” დამფუძნებელ ვიკა შარიას შეფასებით, საქართველოს საქმიანი ტურიზმის დარგში რუსეთის ბაზარი წამყვანია და მისი წილი, დაახლოებით, 80%-ია. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ოდა დიემსი“ საქმიანი ტურიზმის სააგენტოა, რომელიც ძირითადად კორპორაციულ სეგმენტს ემსახურება. ვიკა შარია ამბობს, რომ „ოდა დიემსს“ დამკვეთები, ძირითადად, რუსეთიდან ჰყავს, რადგან ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე ვერ მუშაობს.
მისივე თქმით, ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს საქმიანი ტურიზმის მიმართ ინტერესი მაღალი არაა და ამის ერთ-ერთი მიზეზი პოლიტიკური პროცესებიც არის.
- გარკვეული ქვეყნებიდან არ ჩამოდიან საქართველოში, რადგან იციან, აქ ბევრი რეალოკანტია რუსეთიდან, ბელარუსიდან. ესენი არიან, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი - მათ მოქალაქეებს არ უნდათ იმ ქუჩებში სიარული, სადაც რუსი რეალოკანტები შეხვდებიან, რადგან შეიძლება, კონფლიქტი მოუვიდეთ და ა.შ. გასაგები მიზეზების გამო, აქ არ ჩამოდიან უკრაინიდან იმ დოზით, რა დოზითაც 2021 წლამდე ჩამოდიოდნენ. 2022 წლის დასაწყისში, ძალიან აქტიურად ვმუშაობდი უკრაინის ბაზარზე - ფაქტობრივად, უკრაინის გარდა სხვა ბაზრები არ მინდოდა, იმდენად კარგად შევავსე კლიენტების პორტფელი, მაგრამ სამწუხაროდ, ვიცით, რაც მოხდა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ტურისტებს აინტერესებთ პოლიტიკა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი [საქართველოს] პოლიტიკური კურსი; სამწუხაროდ, საქართველოს შესახებ სულ უფრო მეტი ნეგატიური ინფორმაცია ესმით უცხოელებს, მაგრამ ბევრმა ევროპელმა არ იცის, საერთოდ აქ რა ხდება - სულ რატომ არის აქციები, პროტესტი... გვეკითხებიან, რატომაა ქუჩაში ევროკავშირის ამდენი დროშა ან უკრაინის დროშა.
- როგორ შეიძლება აისახოს საგარეო კურსის შეცვლა ტურიზმზე ან უკვე რა მოგვიტანა კითხვებმა, რომელიც ამ თემის ირგვლივ ჩნდება...
- შეგვრჩა რუსეთის ბაზარი, შეგვრჩა ჩინეთი, ინდოეთი... ჩინეთთან და ინდოეთთან ვერ ვიმუშავებ. ჩემთვის ძალიან არასაინტერესოა იმ ბაზრებთან მუშაობა, ვისთანაც ვერ ცვლი და ვერ აზიარებ შენი ქვეყნის კულტურას, ამიტომაც ეს ქვეყნები ჩემი პორტფელიდან მთლიანად ამოვიღე. მე არ მომწონს „რიტეილ ტურიზმი“ - ჩამოვიდა ტურისტი, შესახლდა სასტუმროში, გადაიღო ფოტოები და წავიდა... მე მინდა ადამიანი, რომელიც იქნება სტუმარი და აქ ჩამოდის იმისთვის, რომ დააგემოვნოს უმაღლესი ხარისხის ქართული ღვინო და კერძები.