“მწვანე პასპორტების“ კრიტერიუმები, ჯერჯერობით, არ იცვლება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მთავრობის უწყებათშორისი სხდომის დასრულების შემდეგ მედიის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც covid-გადატანილებისთვის უვადო "მწვანე პასპორტის" მინიჭების შეცვლას შეეხებოდა.
საქმე ის არის, რომ ბოლო დღეების განმავლობაში როგორც NCDC-ს დირექტორი ამირან გამყრელიძე ისე მისი მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებდნენ, რომ შესაძლოა, covid-გადატანილებისთვის "მწვანე პასპორტის" უვადოდ გაცემის წესი გადაიხედოს. გავრცელებული ინფორმაციით, ეკატერინე ტიკარაძეს და ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ აღნიშნული საკითხი იყო.
„ჯერჯერობით, კრიტერიუმები რჩება იგივე, რაც აქამდე იყო. აქცენტი კეთდება წესების აღსრულებაზე და იმაზე, რომ კრიტერიუმებმა იმუშაოს მაქსიმალურად ეფექტიანად, მისი აღსრულება უნდა იყოს მაქსიმალურად კარგი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
დღესვე საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ამავე თემაზე განცხადება გააკეთა თავად ამირან გამყრელიძემაც. ისიც ამბობს, რომ "ამ ეტაპზე "მწვანე პასპორტის" წესში ცვლილებები არ შედის. "მთავარია, ახალი წლები მოდის და ჩვენი მოწოდებაა, რომ არ მოვდუნდეთ", - დასძინა გამყრელიძემ.
ცნობისთვის: პირს "მწვანე სტატუსი" აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა მოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის.




























