მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“შეიძლება 170 კვლევა ჩატარდა, მაგრამ არ იყო სრულყოფილი”-გეოლოგი რიკოთზე

642adaf19ae49
ანუკა ჯოხაძე
04.04.23 00:15
1444
უკვე მეხუთე დღეა რიკოთზე მოძრაობა შეზღუდულია. უფრო კონკრეტულად საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე არსებული გზის სიახლოვეს მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროების გამო, საავტომობილო გზის ამ მონაკვეთზე, რომელიც ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონს მოიცავს, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველი მონაკვეთი, რომლის მიმდებარედაც არის განვითარებული მეწყრული პროცესი, მომზადებულია ამერიკულ-თურქული, მსოფლიოში ერთი-ერთი საუკეთესო კონსორციუმის მიერ. უწყებაში კომპანიის სახელს არ აკონკრეტებენ, თუმცა ამბობენ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე 170-მდე კვლევაა ჩატარებული და და საუბარი იმის შესახებ, რომ საკმარისი კვლევები არ ჩატარებულა, მათთვის მიუღებელია.

როგორც გეოლოგი ზურა ჯავახიშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რიკოთის უღელტეხილი მისი რელიეფური განლაგებიდან გამომდინარე მეწყერ საშიში ზონაა. მისი განმარტებით, რაოდენობრივად 170 კვლევის ჩატარება არაფერს ნიშნავს, თუ სათანადო დონეზე არ არის შესრულებული. გეოლოგი გზების დეპარტამენტს ურჩევს ხელახალი კვლევები თუ რაიმე სახის ეჭვი არსებობს სხვა მონაკვეთებზეც ჩატარდეს.

“კარგი პრაქტიკაა, როცა კვლევები თავიდანვე სრულყოფილად ტარდება და ასეთი რამ არ ხდება. ძნელია თქმა რა იყო ამ დაზიანების მიზეზი, მაგრამ როგორც ჩანს ყველაფერი გათვალისწინებული არ იყო, ამიტომაც გახდა საჭირო კიდევ კვლევების ჩატარება. რთულია თქმა კვლევები არ იყო ჩატარებული თუ მშენებლებმა ვერ გაითვალისწინეს, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც არ იყოს სათანადო დონეზე შესრულებული. ასეთი რამ რომ ხდება, აუცილებელად კვლევები უნდა ჩატარდეს.

ჩემი აზრით, უკვე აშენებული გზის მონაკვეთებიც უნდა გამოიკვლიონ თუ ასეთი ეჭვი არსებობს. აქ რაოდენობა ბევრი არაფრის მთქმელია, შეიძლება 170 კვლევა ჩატარდა, მაგრამ არ იყო სრულყოფილი. ამიტომ ძალიან დეტალურად უნდა ჩატარდეს კვლევები,”-აცხადებს გეოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი.

ცნობისთვის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი წერეთლის განცხადებით, ჯერ ცნობილი არ არის, თუ როდის გაიხსნება რიკოთის უღელტეხილი. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, რიკოთზე, გზასთან ჩამოწოლილი მეწყერის შესწავლა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, და დაახლოებით კვირის ბოლოს გახდება ცნობილი, თუ როდის იქნება შესაძლებელი საავტომობილო გზის გახსნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები