მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გზების დეპარტამენტი: „2013 წლიდან რიკოთზე 77-ჯერ ჩამოვიდა შვავი ან/და განვითარდა ქვათაცვენა“

64946b7990a59
თათია ჩაფიჩაძე
23.06.23 11:59
973
მიმდინარე კვირის განმავლობაში უკვე მეორე შემთხვევაა, როცა რიკოთის გზაზე უხვი ნალექის შედეგად ფერდობების ჩამორეცხვამ გადაადგილებას პრობლემა შეუქმნა. თუმცა ქვათაცვენისა და მეწყრის გამო თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მიმდინარე პროცესები საზოგადოების ყურადღების ცენტრშია მარტიდან მოყოლებული. მიუხედავად იმისა, რომ გზა რამდენჯერმე ჩაიკეტა, ხელისუფლება ყველა ჯერზე ირწმუნება, რომ საშიში არაფერია და გააქტიურებული მეწყრული პროცესი მხოლოდ ხშირი წვიმების ბრალია, რომელსაც კავშირი რიკოთზე მიმდინარე აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობასთან არ აქვს.

bmg-ის მიერ გაგზავნილი კითხვების საპასუხოდ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ბუნებრივი რელიეფის გათვალისწინებით, მსგავსი პროცესები გასულ წლებშიც ფიქსირდებოდა. სტატისტიკის მიხედვით, რიკოთის სხვადასხვა მონაკვეთზე, 2013 წლიდან მაგისტრალის მშენებლობის აქტიურ ფაზაში შესვლამდე, 77-ჯერ ჩამოვიდა შვავი ანდა განვითარდა ქვათაცვენა. რამაც არაერთხელ გამოიწვია გზის დაკეტვა ან მოძრაობის შეფერხება.

„გუშინ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169-ე კმ-თან, განვითარებული პროცესიც არ უკავშირდება გზის მშენებლობას. ადგილი, სადაც რამდენიმედღიანი წვიმების შედეგად ხევებში დაგროვილმა ნალექმა ჩამოიტანა მიწის შვავი, არის ძველ გზაზე და მოშორებული რიკოთზე მიმდინარე სამშენებლო უბნებიდან.

ბუნებრივია, რელიეფის გათვალისწინებით, მსგავსი პროცესები გასულ წლებშიც ფიქსირდებოდა. სტატისტიკის მიხედვით, რიკოთის სხვადასხვა მონაკვეთზე, 2013 წლიდან მაგისტრალის მშენებლობის აქტიურ ფაზაში შესვლამდე, 77-ჯერ ჩამოვიდა შვავი ანდა განვითარდა ქვათაცვენა. რამაც არაერთხელ გამოიწვია გზის დაკეტვა ან მოძრაობის შეფერხება.

რიკოთის გზის მონაკვეთების მშენებლობის პროექტი მომზადდა ამერიკული, იტალიური, კორეული და თურქული წამყვანი საპროექტო კომპანიების (PYUNGHWA, AECOM, TEMELSU, IRD ENGINEERING S.R.L & SPEA Engineering S.p.A) და დადასტურდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაქირავებული სპეციალისტების მიერ.

საპროექტო სამუშაოების განხორციელების პროცესში, ჩატარდა კომპლექსური საველე და საკვლევაძიებო სამუშაოები, მათ შორის, ტოპოგრაფიული, გეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევები. შესაბამისი გეოტექნიკური გაანგარიშებები ჩატარდა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის შესაბამისად.

კვლევების ფარგლებში, საპროექტო მონაკვეთებზე გაიბურღა 300 მდე ჭაბურღილი, რომელთა ჯამური სიგრძე 6100 მეტრზე მეტია. რთული რელიეფისა და გეოლოგიური პირობების გათვალისწინებით, მხოლოდ საველე-საკვლევაძიებო და გეოლოგიური სამუშაოების განხორციელების მიზნით, პროექტირების ეტაპზე გაიჭრა და მოეწყო 3 კმ-ზე მეტი სრულიად ახალი მისასვლელი გზები.

მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მხრიდან, აღნიშნული პროექტების განხილვის პროცესში ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა დარგის (ხიდები, გვირაბები, გეოტექნიკა, კლიმატის ცვლილება, საგზაო უსაფრთხოება და ა.შ) წამყვანი ექსპერტები (იტალია, ავსტრალია, გერმანია და სხვა). ასევე პროექტის განხილვაში ჩართული იყვნენ უცხოელი წამყვანი საზედამხედველო-საკონსულტაციო კომპანიები იტალიიდან, საფრანგეთიდან, კორეიდან და თურქეთიდან.

ზემოხსენებული კვლევების და ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე, საერთაშორისო და საქართველოში მოქმედი ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად, დამუშავდა შესაბამისი საინჟინრო ტექნიკური გადაწყვეტები, მათ შორის, მარშრუტის და საინჟინრო გადაწყვეტების ჩათვლით.

რიკოთის მშენებლობაში ჩართული ყველა საპროექტო, სამშენებლო თუ საზედამხედველო კომპანია შერჩეულია საერთაშორისო ტენდერის გზით. უშუალოდ ტენდერები ჩატარებულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დადგენილი წესით და მათი მკაცრი ზედამხედველობით. ყველა გადაწყვეტილება შეთანხმებული და დადასტურებულია შესაბამისი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ მათი პოლიტიკისა და წესის დაცვით.“ - ნათქვამია bmg-თვის გამოგზავნილ წერილში.

რაც შეეხება აპრილიდან დაწესებულ გადაადგილების სპეციალური რეჟიმს, დეპარტამენტში განმარტავენ, რომ მიზეზი მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი ნაპრალებია, რომელიც ახალ აშენებული გზიდან 200 მეტრის სიახლოვეს მდებარეობს.

„ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი რიკოთის მონაკვეთზე დაწესდა მას შემდეგ, რაც თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან (რიკოთის მონაკვეთი), მონიტორინგის შედეგად, დაფიქსირდა ნაპრალები. ეს უბანი მდებარეობს არა ახალ აშენებულ, არამედ არსებულ გზასთან 200 მეტრის სიახლოვეს.

სპეციალისტების დაკვირვებისა და ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა ნაპრალების ზრდა და მეწყრული პროცესის გააქტიურების რისკები, რის გამოც დაიგეგმა კვლევები და შემუშავდა გზაზე გადაადგილების ისეთი რეჟიმი, რომელიც, მეწყრული პროცესების გააქტიურების პირობებში, დაუყოვნებლივ რეაგირებას და შესაძლო საფრთხის შემცირებას უზრუნველყოფდა. დაიწყო შესაბამისი კვლევები და პარალელურად, აღნიშნულ უბანთან გაფართოვდა გზა იმისთვის, რომ გაორმაგებულიყო ე. წ. მიწის დამგროვებელი. ამასთან, დაწესდა 24 საათიანი მონიტორინგი, რომელიც დღესაც გრძელდება.

დღეის მდგომარეობით, ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობით, დასრულებულია ტოპოგრაფიული, გეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევები და შემუშავებულია ფერდის გამაგრების პროექტი. უახლოეს მომავალში დაიწყება სამუშაოებიც. დაწესებული სპეციალური რეჟიმი უკვე შემსუბუქდა და მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობის პერიოდი 3 საათით გაიზარდა. სპეციალური რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობაც, სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად გადაწყდება.

მოცემულ ეტაპზე დაწესებული სპეციალური რეჟიმი მაქსიმალურად უზრუნველყოფილია ავტოტრანსპორტის გადაადგილების უსაფრთხოება. ზედამხედველობას ვახორციელებთ 24 საათის განმავლობაში.

შექმნილი დისკომფორტის გამო, ბოდიშს ვუხდით გზით მოსარგებლეებს და სპეციალისტების შესაბამისი რეკომენდაციებისთანავე, აღვადგენთ რიკოთის მონაკვეთზე გადაადგილების თავისუფალ რეჟიმს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყველა ღონეს ხმარობს, ობიექტური ვითარების გათვალისწინებით, რაც შეიძლება დროულად იქნას დაძლეული გზაზე გადაადგილების არსებული დისკომფორტი და უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფილი იყოს გადაადგილების უსაფრთხოება.’ - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ინფორმაციისთვის, გზებზე სპეციალური რეჟიმი აპრილიდან მოქმედებს. რიკოთის საუღელტეხილო გზაზე და სამგზავრო ავტოტრანსპორტის გადაადგილების პერიოდი17 ივნისიდან 3 საათით გაიზარდა
კერძოდ:მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტი მოძრაობს 06:00 საათიდან 21:00 საათამდე.

მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი, ორმხრივად, 23:00 საათიდან 05:00 საათამდეა დაშვებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები