კომპანია "ემ-ქეი დეველოპმენტ გრუპის“ დამფუძნებელი მალხაზ კუნელაური, დროებით, ბიზნეს-საქმიანობისგან დისტანცირებას აპირებს.
როგორც მან BMGTV-ს გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, მიზეზი ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და ის მოცემულობაა, რომელიც პოლიტიკისგან დისტანცირებული საქმიანობის სივრცეს, ფაქტობრივად, არ ტოვებს.
მალხაზ კუნელაური არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ გამგეობის წევრიც არის და აპირებს საკუთარი დრო და რესურსი უფრო მეტად მოახმაროს იმ ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლას, რომლებიც დღეს საქართველოს მომავლისთვის უწყვეტი პროტესტის მონაწილეები არიან.
„ამ ქვეყანაში წერტილი უნდა დავუსვათ მოქალაქეების უფლებების დარღვევას; არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვისი მომხრეა“, - ამბობს მალხაზ კუნელაური და იქვე აღნიშნავს, რომ პოლიტიკაში წასვლას არ აპირებს.
„მე არ მივდივარ პოლიტიკაში. უბრალოდ, მინდა, ვიყო კიდევ უფრო აქტიური იქამდე, ვიდრე ეს სახადი [„ქართული ოცნების“ სახით] არ დასრულდება და თავს ვიგრძნობთ დაცულად... მე არ მინდა ვიყო კონფორმისტი და იმავეს მოვუწოდებ ყველა ადამიანს; ამისთვის არაა საჭირო პოლიტიკაში წასვლა“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.
„წერტილის“ წამყვანის დამაზუსტებელ კითხვას - ბიზნესისგან დისტანცირების გადაწყვეტილება უკავშირდება თუ არა ბიზნესისთვის შესაძლო პრობლემების შექმნის თავიდან აცილებას, მალხაზ კუნელუარმა პირდაპირ არ უპასუხა, მაგრამ თქვა, რომ ისეთი რეჟიმის პირობებში, როგორიც დღეს „ქართული ოცნებაა“, ნებისმიერი მოქალაქის კორექტული კრიტიკაც კი „მტრულ ძალად“ აღიქმება.
- ბიზნესისგან დისტანცირების გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი მაინც სიფრთხილეა?
- ხელისუფლებამ ურთიერთობების სივრცე იმდენად დაავიწროვა, რომ არჩევანი ბევრი არაა. ფაქტობრივად, ორი არჩევანია - ერთ მხარესაა „ოცნების“ ხელისუფლების მოქმედება, რომელიც კლავს ევროპულ მომავალს, ლახავს ადამიანის უფლებებს, კატასტროფული ტემპით მიმდინარეობს დემოკრატიის ხარისხის გაუარესება და ითხოვს თავის მხარეს დგომას ყოველგვარი მორჩილებით, ხმის ამოღების გარეშე ან გაქვს მეორე არჩევანი - კულტურულად, ზრდილობიანად გამოხატო შენი სამოქალაქო პროტესტი და ამას აკეთებ, რაც შენი კონსტიტუციური უფლებაა, როგორც მოქალაქის, ასეთი ტიპის რეჟიმების მიერ შენ ავტომატურად აღიქმება როგორც მტრული ძალა; ის შენში ხედავს არა მოქალაქეს, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს კრიტიკული აზრი, არამედ - მოწინააღმდეგეს. ამდენად, დღეს არჩევანი მარტივია. ბიზნესის კეთება ჩვენს ქვეყანაში არაა მთლიანად კანონით დარეგულირებული, მიუხედავად იმისა, რომ ეს ასე უნდა იყოს. ბიზნესის კეთებისთვის აუცილებელია ბიუროკრატიული აპარატის მხარდაჭერა, რომელიც მართალია, ჩვენი დაქირავებულია, მაგრამ ის თავს მაინც აიგივებს ბატონთან/პარტიასთან და შენ აღგიქვამს, როგორც როგორც ყმას/მსახურს... ამიტომაც ან ხარ იმ სივრცის ნაწილი, სადაც ისინი იმყოფებიან, ან არ ხარ. ამ სივრცეში ყოფნის შენარჩუნება რაღაც დრომდე შესაძლებელი იყო მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს ვყოფილვარ არც პარტიული და არც ამ ხელისუფლების მხარდამჭერი, თუმცა საქმიან პროცესში ურთიერთობას ვახერხებდი.
- ახლა ვერ ახერხებთ?
- ახლა ძალიან რთულია იმის გამო, რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში და არა მხოლოდ რთულია, არჩევანი გაქვს გასაკეთებელი. ჩემთვის არავის უთქვამს, რომ ასე უნდა მოვიქცე; ჩემი შინაგანი პასუხისმგებლობა მკარნახობს ასე მოქცევას; შეიძლება ვცდები, მაგრამ ჩემი ფსიქო-ემოციური დამოკიდებულება ამას მაჩვენებს, რომ თუ ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას [ბიზნესს], ეს ნიშნავს იმას, რომ არაფერზე იღებ ხმას...
- მოკლედ, თან ბიზნესის მშვიდად კეთება და თან სამოქალაქო აქტიურობა ერთდროულად არ გამოდის ამ ქვეყანაში?
- დიახ, არ გამოდიოდა ასე აქტიურად, რადგან შენ განიხილები როგორც მტრის ბანაკის წარმომადგენელი და საბოლოო ჯამში, ხაზს ვუსვამ, რომ ურთიერთობების სივრცე არის ძალიან შეზღუდული... მე რომ მხოლოდ ჩემს ბიზნესინტერესს ვუფრთხილდებოდე და აქ არ იყოს ჩემი სამოქალაქო სოლიდარობის განცდა, შეიძლება, ამერჩია გზა - „ვიქნები წყნარად და კარგად“, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის წყნარად ყოფნა არ მანიჭებს ბედნიერებას; არ ვთვლი, რომ ამ სიტუაციაში ვიქნები სრულფასოვანი და პასუხისმგებლიანი მოქალაქე, რადგან დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშეა ისეთი ამოცანა, რომელიც სწორედ ჩვენი თაობის გადასაწყვეტია. ჩვენ ჩვენი წილი უნდა გადავწყვიტოთ და თუ ამ გამოწვევებს ჩვენი შვილების თაობას დავუტოვებთ, მაშინ კიდევ უფრო დიდი ფასი იქნება გადასახდელი. ადვოკატი ვარ და არ მინდა, ყოველდღიურად ტელევიზორში ვუყურებდე ახალგაზრდებს, რომლებიც უსამართლობას აწყდებიან და ამ დროს პირში წყალჩაგუბებული თევზივით ვიყო, ეს ჩემს სამოქალაქო დამოკიდებულებას ეწინააღმდეგება.