სამშენებლო კომპანია „ბაუსტარის“ ხელმძღვანელის, მალხაზ სოლომნიშვილის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, საქართველო საფრთხეშია, რომ ყველაფერი დაკარგოს. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.
მისივე განმარტებით, მართალია ევროპა კარგია, თუმცა სახელმწიფოს უზარმაზარი ურჩხული ჰყავს მეზობლად, რომელსაც თითოეულ ნაბიჯზე პრობლემის შექმნა შეუძლია.
„საქართველო დღეს საფრთხის წინაშეა. შეიძლება დავკარგოთ ყველაფერი, რაც გვაქვს. ევროპა კი არა, საქართველო დაგვრჩეს უკან, რადგან ჩვენ რომ ევროპისკენ გვინდა და კარგია, ეგ ყველამ ვიცით, მაგრამ ჩვენ უზარმაზარი ურჩხული მეზობელი გვყავს, რომელსაც ყველა ნაბიჯზე პრობლემების შექმნა შეუძლია. ჩვენ არავინ გვეხმარება, რომ ამ პრობლემებს გავუმკლავდეთ. ეს არის ჩვენი ქვეყნის უბედურება, თორემ ევროპა და კარგი ცხოვრება, ყველას უნდა. ამის გათვალისწინებით, დღეს ჩვენს ქვეყანას მართავენ ადამიანები, რომლებიც ჩემი აზრით საქართველოს საფრთხეებს ითვალისწინებენ, იმ რეალური სიტუაციიდან გამომდინარე, რაც გვაქვს“,- ამბობს სოლომნიშვილი.
მისი თქმით, მეორე მხრივ, საქართველოს ურაპატრიოტი ხალხი ჰყავს, რომელიც იძახის, რომ რუსეთი ოკუპანტია, თუმცა ამით არაფერი იცვლება, მაგრამ ამას შეუძლია, რომ რუსის ჯარის ჩამოსვლას და საქართველოს 1 საათში განადგურებას ხელი შეუწყოს.
„ჩვენ გვყავს მეორე, ურაპატრიოტი ხალხი, რომელიც იძახის რომ რუსეთი ოკუპანტიაო და ჰქონიათ, რომ მაგით რუსეთი ოკუპანტი აღარ იქნება. ჰგონიათ, რომ რუსეთს საქართველოსთვის ოკუპაციის გარდა, მეტი პრობლემების შექმნა არ შეუძლია. ვიცით, რომ რუსი ოკუპანტია, მაგრამ ეს იქამდე მიგვიყვანს, სადაც 2008 წელს მივედით. მაშინ ფოიერვერკების ომი კი აღარ იქნება რუსთაველზე, ჩამოვა რუსი, რაკეტებს გვესვრის და 1 საათში დამთავრდება შენი საქართველო. ვიღაც ვასიას დაგვისვამს „ნაჩალნიკად“ და ვინც არ დაეთანხმება, უკრაინის ომში წაიყვანს.
ვფიქრობ, რა საფრთხეც არის, ერს გათვითცნობიერებული არ აქვს. კარგი ცხოვრება მეც მინდა და თქვენც გინდათ, მაგრამ ის ვეშაპი რომ გყავს მეზობლად, ისე უნდა გაანებო თავი, რომ არ გადაგიყოლოს. იგივე მოგვივიდა ჩვენ საბჭოთა კავშირის პერიოდში, როდესაც ინგრეოდა, საქართველო ამ ნანგრევებში მოჰყვა და ქვეყანა ფეხზე რომ დამდგარიყო, 30 წელი მოუნდა. თუმცა ეს ფეხზე დადგომაც არ არის, რადგან 5 მლნ ადამიანიდან, 3 მლნ დავრჩით. არადა კარგად შეიძლებოდა წამოვსულიყავით, ჩვენებს უაზროდ რომ არ ეყვირათ და უაზრო რაღაცები რომ არ ეკეთებინათ“, - განაცხადა სამშენებლო კომპანია „ბაუსტარის“ ხელმძღვანელმა.
მისი პროგნოზით, მიმდინარე მოვლენები ერთი მხრივ ბიზნესზე უარყოფითად აისახება, ხოლო მეორე მხრივ შესაძლოა საქართველო 3 წელიწადში აღარ იყოს.
„ერთი საფრთხეა, რომ ბიზნესზე ცუდად აისახება და არის მეორე საფრთხე, რომ ქვეყანა არ იარსებებს. აქედან უნდა განისაზღვროს, რას ვშვრებით. მე ვფიქრობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, საქართველო 3 წელიწადში აღარ იარსებებს და დაიშლება, როგორც სირია ან უკრაინა, რომელზედაც ტრამპმა თქვა, რომ 100 წელი მაინც სჭირდება, რომ აღდგეს, მაგრამ ისეთი მაინც ვეღარ იქნება, როგორიც იყო. აქამდე არ უნდა მივიდეთ. ბავშვებმა, რომლებიც აქციაზე დგანან, უნდა გააცნობიერონ, რას აკეთებენ.
ევროპამ რომ მოგვთხოვა რუსეთს "სანქციები დაადე, ეს გააკეთე და ის გააკეთეო", საქართველოზე ეს ფინანსურად როგორ აისახება? კარგი იქნება? უნდა გავაანალიზოთ, საქართველოსთვის კარგი რა იქნება. უკრაინაში მაიდანს რომ აკეთებდნენ, ეგონათ კარგს აკეთებდნენ და მიიღეს კარგი ცხოვრება? 45 მლნ-დან 20 მლნ დარჩნენ და ქვეყანა აღარ არის. უნდა დაიწყოს ამაზე საუბარი, რომ ჩვენც უკრაინასავით არ დაგვემართოს. საკითხავია, რომელი უფრო საშიშია, ევროკავშირში რომ არ შევიდეთ, თუ რუსეთმა რომ არ დაგვიპყროს, თუ შევალთ“, - ამბობს ბიზნესმენი.