ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ქვეყანაში აფთიაქების რაოდენობის ფასებზე გავლენის და ამ მიმართულებით რეგულირების საკითხი ყურადღებას და მსჯელობას იმსახურებს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ქართულ ოცნებაში“ საუბრობენ, რომ შესაძლოა, საქართველოში აფთიაქების ჭარბი რაოდენობა მედიკამენტების ფასებზე დამატებითი ზეწოლა იყოს.
მინისტრმა კვლავ გაიმეორა, რომ საქართველოში აფთიაქების განლაგების მიმართულებით სხვა ქვეყნებისგან განსხვავებული მდგომარეობაა.
BMG დაინტერესდა, რა შეიძლება იყოს რეგულირების მექანიზმი ამ მიმართულებით. როგორც სარჯველაძე აღნიშნავს, რეგულირება ამ მიმართულებით შეიძლება გეოგრაფიულ პრინციპს დაეფუძნოს.
"კანონზომიერებაზე მინდა მიგანიშნოთ. უცხოეთში შეგიმჩნევიათ მაგალითად, კონკურენტი რამდენიმე სააფთიაქო დაწესებულება რიგში ჩაწყობილი გვერდიგვერდ? ეს უცნაურობაა დამახასიათებელი მხოლოდ ჩვენთან. შეიძლება სადმე სხვაგან იყოს ასეთი რამ, მაგრამ მე არ მინახავს. ასეთ პირობებში იქნებ რაღაც გავლენა აქვს, რიტორიკულად დავსვათ ეს კითხვა. თუ დაელაპარაკებით, მაგალითად, თვითონ სექტორის წარმომადგენლებს, შეიძლება იქ გითხრან, რომ მცირე დოზით ახდენს გავლენას, 10%-ით მაგალითად ან 15%-ით, მაგრამ რომ ახდენს გავლენას ხარჯებზე, ამაზე შემიძლია აბსოლუტური გითხრათ.
რეგულირებას რაც შეეხება, სხვათა შორის ასეთი რამ შეიძლება არსებობდეს. უბრალოდ ამას აქვს პრუდენციული რეგულირების ან მკაცრი რეგულაციის ფორმები. ეს სხვადასხვა რამ არის. ეს შეიძლება გაკეთდეს, მით უმეტეს სამედიცინო სექტორში, ვფიქრობ, რომ ეს ნორმალურია. თუმცა ამაზე დაფიქრება გვმართებს, რა შედეგის მოტანა შეუძლია ასეთ რეგულაციას, რამდენად აუცილებელია. ამაზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ არის, მაგრამ რომ ნამდვილად ეს საკითხი იმსახურებს ყურადღებას და აუცილებლად მსჯელობა სჭირდება, ამაში კი ნამდვილად ღრმად დარწმუნებული გახლავართ. ყოველ შემთხვევაში, აპრიორი რომ ამაზე არ უნდა ვიმსჯელოთ, ასე საკითხი ნამდვილად არ დგას. უნდა ვიმსჯელოთ, უნდა ვთქვათ რამდენად ახდენს გავლენას და თუკი ამის საწინააღმდეგოდ რაიმე მექანიზმები გაჩნდება, რამდენად შესაძლებელი იქნება ამის საფუძველზე გარკვეული გაიაფებები.
[შეზღუდვები შეიძლება იყოს] ტერიტორიული, გეოგრაფიული. და კი, შეიძლება მოგონებული იქნეს, მაგალითად, ალგორითმი როგორ შეიძლება იყოს განაწილებული რაღაც კონკრეტული ტერიტორიის ფარგლებში, ოღონდ იქაც გეოგრაფიული მხოლოდ მეტრი არ იქნება", - ამბობს მინისტრი.



























