“შეიძლება, რიგი ბიზნესმენების მხრიდან ჩაითვალოს, რომ საქართველო არის ადგილი, სადაც ფული კეთდება, მაგრამ არა - ადგილი, სადაც შვილების გაზრდა გინდა” – ასე უპასუხა ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასა და ანტიდასავლური კანონების მიღებაზე მსხვილი ბიზნესის რეაქციის მნიშვნელობას და აუცილებლობას შეეხებოდა.
- როგორც მოქალაქე, ვიტყოდი, რომ დიახ, საჭიროა [ბიზნესის პოზიცია ხმამაღლა ისმოდეს] და შემიძლია, დავამუნათო ბიზნესმენებიც, მაგრამ მეორე მხრივ, ცოტა რეალისტურად უნდა შევხედოთ ამ საკითხს. ზოგადად, ბიზნესის ვალი არაა, გამოასწოროს მთავრობის მიერ გაფუჭებული საქმე - ასე მარტივად მათ ამ ფუნქციას ვერ მივაკუთვნებთ...
- საქართველოს როცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, მახსოვს, არაერთი ბიზნესმენის და ბიზნესასოციაციის განცხადება, თუ რას ნიშნავდა ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის, ბიზნესკლიმატისთვის და ა.შ. ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება და ანტიდასავლური კურსი სად მიგვიყვანს, ამაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას დიდი გამბედაობა სჭირდება?
- უნდა ვაღიაროთ, რომ ვაჟკაცობა სჭირდება ამის თქმას და ყველა შემთხვევაში, ამ სიტუაციაში, ყველასგან ხმის ამოღებას არ უნდა ველოდოთ. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ რაც დრო გადის, პოტენციურად მით უფრო დიდია ის სასჯელი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ასეთ ხმალამოღებას და გულწრფელობას. არა მგონია, რომ იქ ვართ, მაგრამ შეიძლება მივიღოთ სიტუაცია, როცა ტიპურ ბიზნესმენს მიაჩნია, რომ „კი, ქვეყანა ცუდად მიდის, მაგრამ მე რაღაც პროექტი მაქვს და მინდა, მაქსიმალური მოგება ვნახო... და რა ვქნა ახლა, თუ ქვეყანა იღუპება?! მე ჩემი ფული უნდა გავაკეთო და წავიღო“ ანუ რაღაც თვალსაზრისით, შეიძლება, იმას არ ვამბობ, რომ იქ ვართ, მაგრამ შეიძლება, რიგი ბიზნესმენების მხრიდან ჩაითვალოს, რომ საქართველო არის ადგილი, სადაც ფული კეთდება, მაგრამ არა - ადგილი, სადაც შვილების გაზრდა გინდა...
- ამ რისკის წინაშე ვართ დღეს?
- დიახ. ბევრი ქვეყანა ყოფილა ასე და ამიტომ ვამბობ - ირანიდან დაწყებული, რუსეთით დასრულებული...
- მოკლედ, ვიღაც ბიზნესმენები ფულს ისევ გააკეთებენ საქართველოში, მაგრამ შვილებს გაზრდიან აშშ-სა და ევროპაში...
- ამის ბევრი მაგალითი ვიცით...
"წერტილთან" ინტერვიუში გიგა ბედინეიშვილმა, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის სუსტი მხარეების მიმოხილვისას, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კანონის უზენაესობის და დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობას, რასაც საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვები და რისკები დაემატა.
„ტიპურ უცხოელ ინვესტორს საქართველოში აინტერესებს ფულის ჩადება იმისთვის, რომ აქედან წვდომა ჰქონდეს ევროპულ ბაზარზე... წლების განმავლობაში, ასე „იფუთებოდა“ საქართველოს საინვესტიციო გარემო და ეს იყო სწორი, რადგან [ჩვენი ქვეყანა პატარა ბაზარია]. დღეს, კი ევროპულ ბაზარზე წვდომა კითხვის ნიშნის ქვეშაა დასმული. თუ ევროპის და ამერიკის გინება გავაგრძელეთ, რატომ უნდა გვეგონოს, რომ ამ ბაზრებზე წვდომა გაუმჯობესდება?!“, - ამბობს ფინანსისტი.