მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შეიძლება, წელს საერთოდ ვერ გაიხსნას მთის კურორტები" - მთის ბიზნესი ყურადღებას მოითხოვს

ქვრივიშვილი

შეიძლება, წელს საერთოდ ვერ გაიხსნას მთის კურორტები“ - ეს განცხადება BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ “მთის კურორტების ბიზნესასოციაციის” თანადამფუძნებელმა გააკეთა. მირანდა ესაკიამ, რომელიც გუდაურში რესტორან „მთვრალი ალუბალის“ მფლობელიც არის, ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა იმ პრობლემებზე, რაც მთის კურორტებზე, განსაკუთრებით, გუდაურში არსებობს. მთის კურორტების ბიზნესასოციაციის თანადამფუძნებელი მკვეთრად აკრიტიკებს სახელმწიფოს, განსაკუთრებით კი, მთის ტრასების სააგენტოს მენეჯმენტს კომუნიკაციის ნაკლებობისა და უყურადღებობის გამო.

- მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას ოფიციალურად, წერილობითაც მივმართავთ, ჩვენთან კომუნიკაციას არ ამყარებენ; ალბათ იმიტომ, რომ ვართ კრიტიკულები, მაგრამ ძალიან კრიტიკული მდგომარეობაა საქართველოს მთის კურორტებზე... ვითხოვთ შეხვედრებს თვითონ მთის ტრასების სააგენტოს“ [MTA] ხელმძღვანელთან ირაკლი ბურჭულაძესთან, რომელიც არ გვხვდება. როგორც ვიცით, ის სამსახურიდან მიდის. ბოლოს გვქონდა შეხვედრა მის მოადგილესთან, რომელსაც ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე, რაც კურორტზე არსებული პრობლემების მოგვარებას უკავშირდება, პასუხი არ აქვს... მთავრობას არ მოსწონს კრიტიკა, მაგრამ სიტუაცია უფრო და უფრო უარესდება და უკვე ისეთ ჩიხში შევედით, გამოსავალს ვერ ვხედავ. შეიძლება, წელს საერთოდ ვერ გაიხსნას მთის კურორტები.

- რას გულისხმობთ?

- ზამთრის სეზონისთვის მთის კურორტების მომზადება იწყება ზაფხულში და არა - დღეს ან ხვალ. პირველ რიგში, ეს ნიშნავს მთაზე ჩამოშლილი ქვებისგან ტრასების გასუფთავებას, საბაგიროების გამართულობის რევიზიას...

- აღნიშნული სამუშაოები არაა დაწყებული?

- ზაფხულში ერთი ქვა არ აღებულა არცერთი ტრასიდან, არცერთ კურორტზე. მთელი ზაფხული გუდაურში ვიყავი და ვიცი. ტრასების ქვებისგან გასუფთავებას მხოლოდ ესთეტიკური დანიშნულება არ აქვს - ის საჭიროა, ადამიანების უსაფრთხოებისთვის, რათა მცირე ნალექის შემთხვევაში, სრიალისას დამსვენებელი არ დაზიანდეს. უარესს გეტყვით - ყოველ ზაფხულს ყველა საბაგიროს რევიზია ხდებოდა ანუ საერთაშორისო კომპანიები, როგორიც არის, მაგალითად, დოპელმაიერი“, რომლის დამონტაჟებულია საბაგიროების უმეტესობა საქართველოს მთის კურორტებზე, ყველა საბაგიროს ამოწმებდა, მაგრამ წელს არცერთი საბაგიროს რევიზია არ ჩატარებულა. შეიძლება, ისეთ მდგომარეობამდე მივიდეთ, რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, როცა საძელეს" საბაგირო ავარიულად ჩაირთო. გარდა ამისა, არ შემოწმებულა მთის ტრაქტორები, რომელიც ტრასებს სასრიალოდ ამზადებს და არაა გამართული - გარეთ, მზეზე უყრიათ და შეკეთება არ მომხდარა. ასევე, საზოგადოებრივი საპირფარეშოები ისეთ სავალალო მდგომარეობაშია, იქ თავმოყვარე ტურისტი არ და ვერ შევა. ამასთან, გუდაურში საბაგიროებიდან გადაჭიმული ელექტროსადენები პირდაპირ ტრასებზეა დაყრილი, ელექტროენერგიას იპარავენ და შესაბამისი უწყება ყურადღებას არ აქცევს. და ბოლოს, ყველაზე მთავარი, გაუმართავია ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რისთვისაც ჯერ კიდევ 2014 წელს სახელმწიფომ ააშენა ხელოვნური ტბა, მაგრამ უკვე 11 წელია, პრობლემაა ტბაში წყლის მიწოდება და ასევე, იმ პერიოდში შეძენილი სპეცტექნიკის 20% მუშაობს... ამ პრობლემებზე ზაფხულშიც ვისაუბრე და მივმართე ქალბატონ ეკონომიკის მინისტრს [მარიამ ქვრივიშვილს], რომ შესაბამისი ზომები მიეღოთ, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა დააიგნორეს. მოკლედ, აბსოლუტურად მოუმზადებლები ვართ ზამთრის სეზონისთვის - არაფერი შემოწმებული არ არის და თავად „მთის ტრასების სააგენტოს“ უფროსი ბატონი ირაკლი ბურჭულაძე სამსახურიდან მიდის...

- ირაკლი ბურჭულაძის შესახებ მსგავსი ინფორმაცია სოციალურ ქსელში „მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის“ თანამდამფუძნებელმა გიგი თევზაძემაც გაავრცელა, მაგრამ ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ირაკლი ბურჭულაძე მუშაობს და ასეა, ბიზნესრეესტრის თანახმადაც...

- ჩვენ როცა მივმართავთ ირაკლი ბურჭულაძეს, რათა შეგვხვდეს, ის იძახის, რომ რამდენიმე კვირაში გადადის საპენსიო სააგენტოში თუ არ ვიცი, სად და აბსოლუტურად, ყველა პასუხისმგებლობას თავიდან იცილებს. ირაკლი ბურჭულაძე არ გვეკონტაქტება. იცით, მე, როგორც ბიზნესის ერთ-ერთ წარმომადგენელს, გულშემატკივარს და ბიზნესასოციაციის დამფუძნებელს მაქვს კითხვა - ხელოვნურად აკეთებენ იმას, რომ ჩვენი კურორტები გაკოტრდეს იმიჯურად, ფინანსურად?! წარმოუდგენელია, რაც დღეს ყველა კურორტზე ხდება, მით უმეტეს, გუდაურში.

- არაა ლოგიკური, ხელოვნურად სურდეს სახელმწიფოს მთის კურორტების გაკოტრება...

- ვერ გეტყვით; მაგალითად, მთის კურორტების ბიზნესასოციაცია“ ვითხოვთ წარმოგვიდგინოს MTA-მ თავისი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია, რადგან თავისივე თანამშრომლებს, რომლებიც ადგილობრივები არიან, ყველაზე ცუდ მდგომარეობაში უწევთ მუშაობა. წარმოიდგინეთ, თოვლსა და ქარში რომ გიწევს ტრაქტორზე ჯდომა, რათა ტრასები დააუთოო“ და ნორმალური ქურთუკი არ აცვიათ და მოსასვენებელი ოთახები არ აქვთ. ეს ხდება იმ დროს, როცა ჩვენი ინფორმაციით, MTA-ს რამდენიმე მილიონი ლარი დეპოზიტზე უდევს და სარგებელს იღებს.

- BMG ეცდება, თქვენ მიერ დასახელებულ ყველა საკითხზე ეკონომიკის სამინისტროსგან პასუხების მოითხოვოს, მაგრამ ასევე, გკითხავთ - რატომ ფიქრობთ, რომ ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები გვიანდება და ვერ მოესწრება კურორტის გამართვა?

- გეტყვით, რატომ ვერ მოასწრებენ... მაგალითად, კომპანია დოპელმაიერმა“ ჩაატარა საბაგიროების რევიზია და აღმოჩნდა, რომ რომელიმე საბაგიროს გაფუჭებული აქვს ძრავი. წარმოუდგენელია, ორ თვეში დოპელმაიერმა“ ყველაფერი მოაგვაროს. 20 დეკემბერს მაინც ხომ უნდა გაიხსნას სეზონი?! ორი კვირის წინ ჩვენ შევხვდით ირაკლი ბურჭულაძის მოადგილეს [გიორგი მურაჩაშვილს]; მივუტანეთ პრობლემების მთელი სია. მან მოგვისმინა, გვითხრა, რომ თვითონაც იცის, ამ პრობლემების შესახებ და მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ბურჭულაძე მიდის MTA-დან და შეიძლება, თვითონაც წავიდეს სამსახურიდან, უყურადღებოდ არ დაგვტოვებს; დაგვაიმედა, რომ ამ ყველაფერს მიხედავს. გავიდა ორი კვირა, მივწერეთ, ვითხოვეთ სამუშაო შეხვედრა, მაგრამ გვითხრა, რომ ახლა დრო არ აქვს ჩვენთან შესახვედრად, მაგრამ ამ საკითხს ასე არ დატოვებს... ასეთი მდგომარეობა გვაქვს მთის კურორტებზე. მთის ტრასების სააგენტო იმაზეც არ ავრცელებს ინფორმაციას, როდის იხსნება და როდის იხურება ზამთრის ტურისტული სეზონი.

- როგორც ვხვდები, ეკონომიკის მინისტრი ჯერ მთაში არ ასულა, ყოველ შემთხვევაში, თქვენ არ შეგხვედრიათ. რას ეტყოდით მარიამ ქვრივიშვილს BMG-დან - რა გაწუხებთ მთის ბიზნესს ყველაზე მეტად?

- ყველაზე დიდი უბედურება, რაც მთის კურორტებს ჭირს, ის არის, რომ არ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობა. წარმოიდგინეთ, გუდაური ორ ნაწილადაა გაყოფილი - ნახევარი ეკუთვნის დუშეთის მუნიციპალიტეტს, ნახევარი ეკუთვნის ყაზბეგის მუნიციპალიტეტს. მაგალითად, ნაგვის გატანის პრობლემა რომ გვაქვს, წესით, MTA არაფერ შუაშია, მაგრამ მას გააქვს ნაგავი. თუ დუშეთის მუნიციპალიტეტს მივმართავთ, გვეუბნებიან - "ეს ჩვენ არ გვეხება, მიმართეთ ყაზბეგის მუნიციპალიტეტსო“ და ასე გვათამაშებენ. თბილისში კი, ზის ბატონი ირაკლი ბურჭულაძე, რომელიც ტელეფონზეც არ გვპასუხობს და თან თურმე მიდის სამსახურიდან. მოკლედ, ადგილზე არავინ არ არის პასუხისმგებელი პირი, ვინც კურორტის პრობლემებს შეაფასებს და გადაწყვეტილებას მიიღებს. სამინისტროს ყოველკვირა ვწერთ წერილებს, მაგრამ პასუხები არ გვიბრუნდება.

- BMG-ც მისწერს სამინისტროს წერილებს ყველა პრობლემაზე, რაც ბიზნესს აწუხებს და მოვითხოვთ პასუხებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები