მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეიმჩნევა ტენდენცია, რომ რუსები რუსულად აღარ გვესაუბრებიან, ეს სირცხვილი გახდა - ქოქიაშვილი

6230606553887
მარიამ ადამია
15.03.22 16:50
4913
“საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის” ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ქვეყანაში შემოსული რუსეთის მოქალაქეების მიმართ კერძოს სექტორის დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. "არის ადგილები, სადაც ოკუპანტი ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს კარს უკეტავენ და არ უშვებენ შენობაში და ასევე, არის ადგილები, სადაც კარგად გართობის საშუალებას აძლევენ", - ამბობს "საქმიან დილასთან" ინტერვიუში ლევან ქოქიაშვილი.

"ეს არის სამარცხვინო ანუ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულება ისეთივე არათანმიმდევრულია, როგორიც ჩვენი სახელმწიფოს ნაბიჯები... აღსანიშნია, რომ ობიექტები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას და აპროტესტებენ ოკუპანტი ქვეყნიდან ადამიანების მასობრივ შემოდინებას საქართველოში, დაწესებულებაში შესულ სტუმრებს ეუბნებიან, რომ რუსეთი ოკუპანტია; ხშირად ამას მენიუზეც აწერენ, ამიტომ ვიზიტორების მხრიდან ხშირია წყენაც, მაგრამ ვისაც სწყინს, ცივი წყალი დალიოს,” - გვიყვება ქოქიაშვილი, რომლის აზრითაც, ადამიანებს, რომლებიც ოკუპანტი ქვეყნიდან შემოდიან, კარგად უნდა ესმოდეთ, რა წესების დაცვა მოუწევთ საქართველოში.

“რუსების ერთი ნაწილისთვის ეს მდგომარეობა გასაგებია და საქართველოში შეიმჩნევა ტენდენცია, რომ ისინი რუსულ ენაზე აღარ გვესაუბრებიან, ეს სირცხვილი გახდა... ინგლისურად გესაუბრებიან რუსული აქცენტით. ძალიან კარგია, თუ ცოტა სირცხვილის გრძნობა გაუჩნდათ რუსებს, მაგრამ პარალელურად არიან სტუმრები, რომლებიც პრეტენზიას გამოთქვამენ ჩვენი პროტესტის მიმართ, ამიტომ მე არ ვურჩევ არცერთ რუსს საქართველოში ჩამოსვლას, რადგან ისინი უმეტესად აგრესიას წააწყდებიან", - განაცხადა ქოქიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები