საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს შეხვდა. გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე განიხილეს კულტურულ-ჰუმანიტარულ და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას.
შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ და ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მიიღეს ერთობლივი კომუნიკე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და განმტკიცების შესახებ. კობახიძის თქმით, არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების კუთხითაც.
„ჩვენი შეთანხმებით შეიქმნა მთავრობათაშორისი კომისია ეკონომიკური საკითხების გარშემო და სწორედ ამ კომისიის ფარგლებში უნდა იყოს უზრუნველყოფილი თანამშრომლობის გაღრმავება ყველა მიმართულებით. ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და განვითარებისთვის. ასევე, ჩვენ განვიხილეთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. ხაზი გავუსვით შუა დერეფნის მნიშვნელობას და აღვნიშნეთ ამ მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის საჭიროება.
ჩვენ ასევე შევეხეთ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებს. ამ მიმართულებითაც გვაქვს ინტერესი, გავაღრმაოთ თანამშრომლობა. მნიშვნელოვანია ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება, მუდმივი მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება. ბატონი პრეზიდენტი მოვიწვიე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით. ჩვენ ყველას გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ პრეზიდენტი შეძლებს საქართველოში ჩამობრძანებას. დიდი ინტერესით ველოდებით მის ვიზიტს საქართველოში.
მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი დიდი მწერლის, შოთა რუსთაველისთვის პატივის მიგებისთვის, რომლის სახელობის ქუჩაც გაიხსნა დუშამბეში და რომლის ბიუსტიც დაიდგა თქვენს ქალაქში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თავის მხრივ, ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა განაცხადა, რომ ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები მოლაპარაკების ცენტრალურ საკითხს წარმოადგენდა.
„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ კიდევ უფრო გავამდიდროთ ეკონომიკური ურთიერთობა ორმხრივი ნაბიჯებით. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ვაჭრობას და ეკონომიკურ თანამშრომლობას, რომელიც წარმოადგენდა ჩვენი მოლაპარაკების ცენტრალურ საკითხს. ორივე ქვეყანას უდიდესი შესაძლებლობები გაგვაჩნია ამ მიმართულებით. ტაჯიკეთი ასევე დაინტერესებულია, რომ გააფართოოს თანამშრომლობა მწვანე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მრეწველობის კუთხით, ასევე ტექნოლოგიური და ინოვაციების საკითხებით, ამაში შედის ხელოვნური ინტელექტიც. ამ მიმართებით, ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, რომ დავიწყოთ თანამშრომლობა იმ სფეროებში, რაც ორმხრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს და ამისათვის ჩვენ პრაქტიკულ ზომებს მივიღებთ. მსუბუქი მრეწველობა, სურსათი, სამთო მეურნეობა, ასევე ფარმაცევტული სფეროები, სოფლის მეურნეობა გამოვლინდა, როგორც ინტერესის სფეროები. ჩვენ მხარს ვუჭერთ სატრანზიტო და სატრანსპორტო სექტორში კავშირების გაღრმავებას სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ჯანდაცვის მიმართულებითაც“, - განაცხადა ემომალი რაჰმონმა.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე ხუთ მინისტრთან ერთად ტაჯიკეთში დღეს გაემგზავრა.




























