მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეიქმნება თუ არა სამუშაო ჯგუფები ევროკომისიის 9 დათქმის შესასრულებლად? - პოზიციები

არასამთავრობო ორგანიზაციები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებზე მთავრობის სამოქმედო გეგმა უკვე გასაჯაროებულია, ხოლო რაც შეეხება მათი შესრულების სამოქმედო გეგმას, ამ მიმართულებით სამუშაო ფორმატები იქნება.

„რაც შეეხება ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებს და შემდეგ ნაბიჯებს, ჩვენი სამოქმედო გეგმა გასაჯაროებულია, ზუსტად ამ სამოქმედო გეგმას მივყვებით, რა თქმა უნდა, იქნება სამუშაო ფორმატები, სადაც რა თქმა უნდა, ოპოზიციას თუ აქვს სურვილი, რომ დაეხმაროს ხელისუფლებას, მათ ეს შეუძლიათ გააკეთონ. ამ პროცესში წამყვანი ძალა, რა თქმა უნდა, არის საქართველოს ხელისუფლება და გამოცდილებამაც აჩვენა, რომ ხელისუფლება ამ მხრივ არის წარმატებული, წინდახედული და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედი“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ ოპოზიციას, რომელიც ამბობდა, რომ სამუშაო ჯგუფებში დროის დახარჯვას და ყავის დასალევად არავისთან დაჯდომას არ აპირებს, ახლა ისტერია აქვს გამართული იმაზე, რომ სამუშაო ჯგუფები შეიქმნას.

პაპუაშვილის განმარტებით, სამუშაო ფორმატები შეიქმნება და თუ ოპოზიციას ხელისუფლების დახმარების სურვილი ექნება, მათ ამის გაკეთება შეეძლებათ.

„ჩვენ ვნახეთ, ხელახლა ოპოზიციისგან ისტერია ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით. ეს ოპოზიცია, რომელიც ამბობდა, რომ სამუშაო ჯგუფებში დროის დახარჯვას და ყავის დასალევად არავისთან დაჯდომას არ აპირებს, ახლა ისტერია აქვთ გამართული იმაზე, რომ სამუშაო ჯგუფები შეიქმნას“, - თქვა პაპუაშვილმა.

დღესვე განცხადება გააკეთა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ მისი გუნდი საკითხზე მსჯელობისთვის ყველგან იქნება წარმოდგენილი.

„ხელისუფლება ახლა ორიენტირებულია, პარლამენტიდან ეს პროცესი კიდევ ერთხელ, სადღაც გადაიტანოს. სადაც არ უნდა გადაიტანოს, ჩვენ ყველგან ვიქნებით წარმოდგენილი. ჩვენ გაგზავნილი გვაქვს 12 რეკომენდაციის ნაწილშიც და 9 რეკომენდაციის ნაწილშიც პაპუაშვილს მაგიდაზე უდევს კონკრეტული ნაბიჯები, რა აქვს გასაკეთებელი, იციან მათ ეს, მათ შორის ჩვენს მიერ გაგზავნილი სამოქმედო გეგმის ნაწილშიც. დღეს პრემიერ-მინისტრსაც მივმართავთ წერილობით, რომ სამუშაო ფორმატები სადაც არ უნდა შეიქმნას, ყველგან ჩვენ მივმართავთ მონაწილეობასთან დაკავშირებით", - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

"სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ სამუშაო ჯგუფი იყო ფიქცია და "ქართული ოცნება" არც სამუშაო ჯგუფით და არც მის გარეშე მნიშვნელოვან რეფორმებს არ განახორციელებს.

„როცა შესვლაზე ფიქრი დავიწყეთ, მაშინ გაიქცნენ ამ სამუშაო ჯგუფებიდან. არადა ყოველდღე გვეკითხებოდნენ, რატომ არ მუშაობთ, სამუშაო ჯგუფი არის გადარჩენაო. მეც დავფიქრდი, მართლა გადარჩენა ხომ არ არის, ხომ არ შევიდე-თქო და მერე აღმოვაჩინე, რომ კობახიძე გაქცეულა ამ სამუშაო ჯგუფიდან", - განაცხადა მანჯგალაძემ.

"გირჩის" დეპუტატი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ თუ არავის არაფრის კეთება არ უნდა, აზრი არ აქვს, რის კომისიას შექმნი.

„ჩემი აზრით, როცა მუშაობა არ გინდა და სხვას გინდა რამე გადააბრალო, გასულ წელსაც უაზრობა იყო ამაში მონაწილეობის მიღება ასეთი ფორმით, გინდა ოპოზიცია იყოს და გინდა ხელისუფლება და დღესაც უაზრობა იქნება. თუ არავის არაფრის კეთება არ უნდა, რა აზრი აქვს, რის კომისიას შექმნი? ხელისუფლებას არ გავაკრიტიკებდი იმის გამო, რომ კომისიებს არ ქმნის, არამედ იმის გამო, რომ სინამდვილეში არაფრის გაკეთება არ უნდა“, - ამბობს ხვიჩია.

მთავრობამ EU-ს 9 დათქმის შესრულების სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა - ვადები და პასუხისმგებელი უწყებები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები