"არ მგონია, EU-ში ბავშვებს 80%-იანი ხელოვნური ბოჭკოსგან შეკერილი [სასკოლო ფორმა] ჩააცვან", - განაცხადა სამკერვალო ფაბრიკა „ივერია ტექსის“ მფლობელმა და „ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა დავით ბიძინაშვილმა BMGTV-ის გადაცემა "წერტილში", სადაც ინტერვიუს მთავარი თემა სასკოლო ფორმების ₾46-მილიონიანი პროექტი იყო.
ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ მსგავსი მასშტაბის სახელმწიფო შეკვეთებით ადგილობრივი ტექსტილის ინდუსტრიის აყვავებაა შესაძლებელი.
როგორც დავით ბიძინაშვილი ამბობს, ადგილობრივი ინდუსტრიისთვის ბაზრის კვლევის გამოცხადების შესახებ ცნობილი იყო, თუმცა შეკვეთის მასშტაბმა და შესრულების არარეალურმა ვადებმა ქართულ კომპანიებს მონაწილეობის სურვილი დაუკარგა.
ინტერვიუში ყურადღება დაეთმო სასკოლო ფორმების ხარისხს და მათ თვითღირებულებას. განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიას ვარაუდით, მშობლებს ფორმის შეძენა დაახლოებით 100 ლარის ფარგლებში მოუწევთ, ხელშეკრულების მიხედვით კი, ჩინური მხარე ერთ კომპლექტს 76 ლარად კერავს, თუმცა სამკერვალო დარგის წარმომადგენელს კითხვები უჩნდება როგორც ქსოვილის შემცველობაზე, ისე - მარჟებზე.
როგორც ცნობილია, მატერია, რომლისგანაც ფორმები შეიკერება ძირითადად სინთეტიკური იქნება, უფრო დეტალურად - პოლიესტერი 72%; ვისკოზა 25%; ელასტინი 3%
დავით ბიძინაშვილის განცხადებით, გამოქვეყნებული ხელშეკრულებიდან ბევრი დეტალი ბუნდოვანი რჩება, მათ შორის ისიც, თუ რას მოიცავს ჩინური მხარის მიერ დასახელებული ფასი.
"ერთი რამ ვერ გავიგე ხელშეკრულებით - 74-76 ლარი უჯდებათ ჩინეთში, თუ თბილისში ჩამოტანილი და განბაჟებული?! ეს არ დევს გარკვევით. თუ 74 ლარი უჯდებათ და 100 ლარად უნდა მიჰყიდონ [მშობლებს], ეს ძალიან დიდი მარჟაა", - აღნიშნა ბიძინაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა ჩინეთში შეკვეთის მთავარი მოტივი დაბალი ფასი და შეძლებდა თუ არა ქართული ინდუსტრია კონკურენციის გაწევას და სასკოლო ფორმების "ჩინურ ფასად" შეკერვას, „ივერია ტექსის“ მფლობელმა განაცხადა, რომ უმთავრესი პრობლემა არა - ფასში, არამედ წარმოების მოცულობასა და ვადებში იყო.
"ამ რაოდენობას [მოკლე დროში] ვერ შევკერავდით, ეს გამორიცხულია, თუმცა ფასის ნაწილში ნამდვილად შევკერავდით“, - განაცხადა დავით ბიძინაშვილმა.
ასოციაციის ხელმძღვანელმა დარგში არსებულ მრავალწლიან გამოცდილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასკოლო ფორმების შეკერვა, სპეციფიკიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული პროცესია, რადგან ბავშვები სწრაფად იზრდებიან და ზომების განსაზღვრა პრეტენზიულია. ამ ფონზე, მას ჩინეთში შეკვეთის ფასი მაინც მაღალი ეჩვენება.
"დაახლოებით, მაგ შემცველობის ქსოვილისგან რომ მე შევკერო ზრდასრული მამაკაცის უნიფორმა - კიტელი და შარვალი, საკმაოდ გადატვირთული თავისი დეტალებით, 59 ლარზე მეტი თვითღირებულება არ მიჯდება. თუ ეს თემა არის ისეთი, რომ 74 ლარი ჩამოტანილი და განბაჟებული ჯდება, იდეალურია. ამ რაოდენობის ტენდერზე, შესაძლებლობა რომ მქონოდა, მეც გავიდოდი“, - განმარტავს ბიზნესმენი.
მისივე თქმით, ქსოვილის შერჩევისას ადგილობრივი მწარმოებლები მეტ ნატურალურ ბოჭკოს ამჯობინებდნენ, თუმცა ქართულ კომპანიებს არც იმის დრო მიეცათ, რომ არსებულ სტანდარტებში სიღრმისეულად გარკვეულიყვნენ.
„ხელშეკრულებიდან გამომდინარე რაც ვნახეთ, მე უფრო მეტი ნატურალური ბოჭკოს შემცველი ქსოვილისგან ვისურვებდი ამ ფორმების შეკერვას. არ მგონია, ევროკავშირში ბავშვებს 80%-იანი ხელოვნური (სინთეტიკური) ბოჭკოსგან შეკერილი ტანსაცმელი ჩააცვან", - აღნიშნა მან.




























