მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„შეხვედრები გვქონდა, დავიწყეთ მუშაობა და საქმე დაიძრა“ - მერაბ დვალიშვილი საქართველოში UFC-ის ჩატარებაზე

დვალიშვილი

8 ივნისს, UFC 316-ზე შონ ო'მალის წინააღმდეგ გამარჯვებისა და სუპერმსუბუქი წონის ტიტულის წარმატებით დაცვის შემდეგ, მერაბ დვალიშვილი საქართველოში დაბრუნდა. ქართველი ჩემპიონი თბილისს მწვრთნელ ჯონ ვუდთან და ცნობილ ინფლუენსერ ნინა დრამასთან ერთად ეწვია.

დვალიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოში UFC-ის ღონისძიების ჩატარებაზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და საქმე დაძრულია.

„ჩემი მენეჯერი, დენი, აქ არის და ამაზე შეხვედრები გვქონდა. დავიწყეთ მუშაობა და საქმე დაიძრა,“ - აღნიშნა სპორტსმენმა.

რაც შეეხება მის მომდევნო მეტოქეს, დვალიშვილი ვარაუდობს, რომ ეს კორი სენდჰეგენი იქნება: “მე მალე მინდა ბრძოლა და ჩემი აზრით, კორი სენდჰეგენი იმსახურებს სატიტულო ბრძოლას ყველაზე მეტად. მაგრამ, თუ კორი ვერ იქნება მზად, სხვას შევხვდები, ნებისმიერს!”, - განაცხადა ჩემპიონმა.

მერაბ დვალიშვილმა ისიც დაასახელა, თუ რომელი ქართველი მებრძოლები იქნებიან UFC-ში წარმოდგენილი: "შემდეგი კანდიდატი ლევან ჩოხელია, ამირან გოგოლაძეც, ტანზილობიც, მათე სანიკიძეც და ზვიად ლაზიშვილიც. ეს მებრძოლები მახსენდებიან პირველები. ისე ბევრი კარგი კანდიდატი გვყავს და მომავალი თაობისაც მეიმედება. მჯერა, რომ ბევრი ახალგაზრდა ტალანტი გაიზრდება. უბრალოდ ახლა საქართველოში პირობები არ გვაქვს და ამაზე მაქსიმალურად ვმუშაობ. ყველაზე ნიჭიერი ქართველი მებრძოლი… არ ვიცი, ვინ დავასახელო. ეგრე ნიჭიერი სულაც არ ვარ, მაგრამ ჩემპიონი ვარ. ცალკე ჭიდაობაში და სტრაიკინგში ბევრთან ვაგებ და ნიჭიერი ცალკე არაფერში ვარ. მაგრამ ბოლოს ბრძოლაში შედეგი სხვა არის. ასე რომ, ნიჭიერებზე არ მინდა ვისაუბრო და ვინმე გამომრჩეს. ტანზილოვს კონტრაქტი შესთავაზეს, მაგრამ სამწუხაროდ ჩემთან სპარინგში დაუზიანდა ფეხი და ვერ აიღო ეგ ბრძოლა",- თქვა მან.

გარდა სპორტული თემებისა, დვალიშვილს სოციალურ მედიაში აქტიურობაზეც დაუსვეს კითხვა და ჰკითხეს, ხომ არ გეგმავს სპორტსმენი მსახიობობას, რაზედაც მან განაცხადა, რომ არც პოლიტიკოსი, არც მსახიობი და არც ბიზნესმენი მისგან არ გამოვა.

„ისევ სპორტში ვაპირებ დარჩენას. პოლიტიკას ნამდვილად არ ვაპირებ, მსახიობი ნამდვილად არ გამოვა ჩემგან. არც ბიზნესმენი - გავკოტრდები (იცინის)”, - თქვა დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებული Pound 4 Pound რეიტინგის მიხედვით მეორე ნომერია და ამ მხრივ მხოლოდ ისლამ მახაჩევს ჩამორჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები