მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი შონ ომალისთან დაიცვა - რა თანხას მიიღებს UFC-ს ქამრის შენარჩუნებისთვის?

მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი დაიცვა.

ქართველი მებრძოლი UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიის მსოფლიო ჩემპიონად დარჩა მას შემდეგ, რაც ნიუ-ჯერსიში გამართულ UFC 316-ის მთავარ ბრძოლაში შონ ო'მალი დაამარცხა და ტიტული წარმატებით დაიცვა. მან ბრძოლა 3 რაუნდში მახრჩობელათი მოიგო. საგულისხმოა, რომ ამ დრომდე, მერაბს მხოლოდ ერთხელ ჰყავს მეტოქე ბრძოლაში ვადაზე ადრე დამარცხებული.

აღსანიშნავია, რომ დვალიშვილმა ქამარი სწორედ ომალის დამარცხებით, ჯერ კიდევ 2024 წლის სექტემბერში მოიპოვა, რის შემდეგაც ტიტული უმარ ნურმაგომედოვთან 2025 წლის 18 იანვარს დაიცვა. ო'მალი მერაბთან მარცხის შემდეგ ოქტაგონზე აღარ გასულა. მან ბრძოლა 10-თვიანი პაუზის შემდეგ გამართა. დვალიშვილის რეკორდი 19 მოგება და 4 მარცხია, ხოლო შონი კარიერაში მხოლოდ ორჯერ დამარცხდა. მან პირველი ბრძოლა მარლონ ვერასთან დათმო და შემდეგ მერაბ დვალიშვილმა მოუგო.

რაც შეეხება ანაზღაურებას, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ორივე მებრძოლს მრავალმილიონიანი ანაზღაურება ელით. სპორტული გამოცემა The sporters-ზე დაყრდნობით, ორივე მებრძოლმა შესაძლოა 2 მლნ დოლარზე მეტი გამოიმუშაოს.

გამოცემა იუწყება, რომ მერაბ დვალიშვილის საბაზისო ჰონორარი, სავარაუდოდ 500 000 დოლარი იქნება, რაც UFC 311-ზე წინა ტიტულის დაცვის ანაზღაურებას შეესაბამება, თუმცა მთავარი შემოსავლების მიღება PPV-დან არის მოსალოდნელი. ინდუსტრიული შეფასებების მიხედვით, UFC 316-ის PPV გაყიდვები დაახლოებით 350,000 იქნება და ორივე მებრძოლი 5 დოლარს მიიღებს თითოეულ გაყიდვაზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დვალიშვილს PPV-დან დაახლოებით 1.75 მილიონი დოლარის შემოსავალი ექნება. საბაზისო ანაზღაურებასთან ერთად, მისი ჯამური შემოსავალი UFC 316-დან დაახლოებით 2.25 მილიონ დოლარს მიაღწევს. ხოლო, ტიტულის შენარჩუნებისთვის ივარაუდება, რომ ბონუსსაც მიიღებს და ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო ბრძოლას მერაბ დვალიშვილი ამერიკელ მებრძოლთან, კორი სენდჰეგენთან შემოდგომაზე გამართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები