დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მომავალ კვირაში დღიურად გამოვლენილ ინფიცირებულთა რიცხვში 60%-70% "ომიკრონის" შტამი იქნება.
როგორც მან განმარტა, დღეისთვის ეს მაჩვენებელი 45%-ია და მაჩვენებელი იზრდება. მაგალითისთვის მან მოიყვანა დღეს გამოვლენილი 5000-მდე შემთხვევა, რომელთა შორისაც NCDC ვარაუდობს, რომ "ომიკრონის" შტამის ცირკულირება სწორედ 45% იქნება.
რაც შეეხება "ომიკრონის" ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს, გამყრელიძის თქმით, დღეისთვის ომიკრონის 1009 შემთხვევა არის ლაბორატორიულად დადასტურებული, თუმცა ეს მაჩვენებელი მხოლოდ იმ ფაქტს უკავშირდება, რომ ლაბორატორიები ლუგარს მხოლოდ საეჭვო შემთხვევების მცირე ნაწილს უგზავნიან შემდგომ გამოსაკვლევად.
„ომიკრონის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა რიცხვობრივად ბევრი არ არის, თუმცა ვფიქრობთ, ცირკულაცია 45%-ზეა და მაჩვენებელი ზემოთ მიდის. ჩვენი გათვლებით, კვირის ბოლომდე "ომიკრონი" იქნება მთლიანად დადებითი შემთხვევების 60%70%-მდე ანუ ჩათვალეთ, რომ დღეს 5 000 ახალ შემთხვევაზე 45%-ს ვვარაუდობთ „ომიკრონს“, დანარჩენი არის დელტა-შტამი. შემთხვევათა უმრავლესობა მოდის თბილისზე, ამას მოსდევს იმერეთი, აჭარა და ქვემო ქართლი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გარდა ამისა, NCDC-ს ხელმძღვანელის თქმით, 1009 შემთხვევიდან 34% აცრილი არ იყო, ხოლო 50%-ს ჩატარებული აქვს ვაქცინაცია. აღნიშნული შემთხვევებიდან კი მხოლოდ 14 შემთხვევაში გახდა საჭირო ჰოსპიტალიზაცია, მათგან ერთი ორსულის, თუმცა 12 მათგანი უკვე გაეწერა ბინაზე.
„საერთაშორიუსო მონაცემებით, შემიძლია გითხრათ, რომ "დელტასთან" შედარებით შემცირებულია ინკუბაციის პერიოდი, შემცირებულია ჰოსპიტალიზაცია, უკვე გამოქვეყნდა რამდენიმე დიდი კვლევა ამასთან დაკავშირებით. ასევე გეტყვით, რომ აცრილებში ვირუსი მიდის ბევრად იოლად, ბუსტერი ნამდვილად მუშაობს, ამიტომ ბუსტერიზაცია ერთ-ერთი მთავარი დამცველი საშუალებაა. შედარებით მეტად ინფიცირდება ახალგაზრდობა. ჩვენთან შემთხვევების უმრავლესობა პირდაპირ არის დაკავშირებული სამთო-სათხილამურო კურორტებთან“, - თქვა ამირან გამყრელიძემ.



























