საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტები მომავალი სასწავლო წლიდან უცხოელ სტუდენტებს ვეღარ მიიღებენ. როგორც "ოცნების" მთავრობაში განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მიზანია სახელმწიფო უნივერსიტეტების მაქსიმალური ორიენტაცია „სახელმწიფო ინტერესებზე“ და საქართველოს მოქალაქეებისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაზე.
მიქანაძის თქმით, ეს შეზღუდვა არ შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, სადაც უცხოელი სტუდენტების მიღება ჩვეულებრივ გაგრძელდება. მათ საშუალება ექნებათ, სრულად მოახდინონ ორიენტირება ამ სეგმენტზე.
"სახელმწიფო უნივერსიტეტები სახელმწიფო ინტერესებზე უნდა იყოს ორიენტირებული. კერძო უნივერსიტეტებში ჩვეულებრივ გაგრძელდება და მათ ექნებათ საშუალება უცხოელი სტუდენტები მიიღონ. შემდეგი სასწავლო წლიდან, სახელმწიფო უნივერსიტეტები ვერ მიიღებენ უცხოელ სტუდენტებს.
მაგალითისთვის მოგიყვანთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტატისტიკას, სადაც ზუსტი ციფრები, რომ არ ვთქვა, 45% დღეს მოქმედი სტუდენტების არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და 55% არიან საქართველოს მოქალაქეები. ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ თითქმის ნახევარია, და ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების ხარისხიან განათლებაზე, რაზეც ჩვენ გვაქვს ორიენტირი და ამ უნივერსიტეტს აქვს თავისი ტრადიცია, ყველანაირი რესურსი და შესაძლებლობა, მაქსიმალურად ამ უნივერსიტეტის ფარგლებში უნდა ვიყოთ ორიენტირებული. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ამიერიდან აქ აღარ მივიღებთ უცხოელებს, რომლებიც, სხვათა შორის, რამდენჯერმე მეტ გადასახადს იხდიან ვიდრე საქართველოს მოქალაქეებისთვის არის დაწესებული. ვეუბნებით კერძო სექტორის წარმომადგენლებს, აგერ არიან უცხოელი სტუდენტები, თქვენ შეგიძლიათ რომ მათზე გააკეთოთ ორიენტირი. რა თქმა უნდა, მათ არ ეკრძალებათ, რომ საქართველოს მოქალაქეებიც ჰყავდეთ.
ეს ნებისმიერ სახელმწიფო უნივერსიტეტზე გავრცელდება" - განაცხადა მიქანაძემ რუსთავი2-ის ეთერში.
იქამდე, იგივე პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას "ქართული ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. თუმცა არ დაუსახელებია კონკრეტული დრო, როდის შეუჩერდებოდათ სახელმწიფო უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების მიღება.
"უცხოელი სტუდენტები უნდა მიიღონ კერძო უნივერსიტეტებმა. ეს იქნება დაახლოებით 80 მილიონი ლარის დანაკლისი სამედიცინო უნივერსიტეტისთვის, საიდანაც 5 მილიონს დაიკომპენსირებს, თუმცა ქვეყანაში დარჩება ეს ფული, მაგრამ გადანაწილდება კერძო უნივერსიტეტებზე. რაც ექნება დანაკლისი სამედიცინო უნივერსიტეტს და რაც არის დასაკომპენსირებელი, ჩვენ უნდა დავაკომპენსიროთ და ამის რესურსი არსებობს", - თქვა მან პარლამენტში გამოსვლისას.
ბოლო ოთხ წელში საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასე მაგალითად თუ 2021-2022 სასწავლო წლებში ქვეყანაში ჯამში 17 500 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, 2024/2025 სასწავლო წლებში 37 100-მდე გაიზარდა არარეზიდენტი სტუდენტების ოდენობა. საქართველოში ყველაზე მეტი სტუდენტი ინდოეთიდან ჩამოდის და მათი უმრავლესობა აქ სამედიცინო პროგრამებზე სწავლობს.




























