შემიძლია წავიტრაბახო, თბილისს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსპორტი ეყოლება, - ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
კალაძემ თბილისში ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და მიმდინარე პროექტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე მოწესრიგებული იქნება.
„ამ პროექტის განხორციელებას როცა დავასრულებთ, შემიძლია წავიტრაბახო, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსპორტი ეყოლება თბილისს. ეს იქნება ახალი, განახლებული ევრო 6-ის ტიპის ავტობუსები მთლიანად, ყველა ახალი იქნება. პარალელურად, მიკროავტობუსები უნდა ჩანაცვლდეს აუცილებლად. ტაქსის რეფორმა, რომელიც წარმატებით მიმდინარებს და მართლაც ძალიან მაგარია, ვფიქრობ, რომ ამას საზოგადოებაც ხედავს და აფასებს, თუმცა რეფორმა ჯერ არ დასრულებულა და იქნება შემდეგი ეტაპები“, - განაცხადა კალაძემ.




























