მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“შემნახველი ბატარეით აღჭურვილი მზის/ქარის სადგურისთვის ტარიფი გაცილებით მაღალი იქნება” - თორნიკე ბახტურიძე

ქარის ელექტროსადგური

ეკონომიკის სამინისტრომ ელექტროენერგიის სიმძლავრის მეორე აუქციონი გამოცხადდა. წარმოდგენილი პროექტების ჯამური სიმძლავრე 800 მეგავატია. მთავრობას სურს აუქციონის ფარგლებში მარეგულირებელი სადგურებიც აშენდეს. კერძოდ, 300 მეგავატის მარეგულირებელი ჰესები ქარისა და მზის ელექტროსადგურები 125- 125 მგვტ, მათ შორის ქარის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ, მზის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ. სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.

როგორც კომპანია „უსასრულო ენერგიის“ დირექტორი თორნიკე ბახტურიძე ამბობს, ამ შემთხვევაში განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა საშუალოდ 50-70%-ით იზრდება, თუმცა ის იძლევა შესაძლებლობას, რომ ქსელს სტაბილური ენერგია მიაწოდოს, შესაბამისად, ამ შემთხვევაში ტარიფიც უფრო მაღალი იქნება.

“50-70%-ით სულ მინიმუმ იზრდება საინვესტიციო ხარჯი შემნახველი ბატარეების შემთხვევაში. თუმცა ეს ბევრ კრიტერიუმზეა დამოკიდებული. რა ტექნოლოგია იქნება მოთხოვნილი, მიწოდების სიხშირის აღდგენის როგორი რეჟიმი იქნება მოთხოვნილი, ძალიან ბევრი დეტალია. თუმცა ცალსახაა, რომ ტარიფი შემნახველი ბატარეით აღჭურვილი მზის სადგურისთვის გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე იმ სადგურის შემთხვევაში, რომელსაც ბატარეა არ აქვს. მზის სადგური, რომელიც არის ბატარეით ქსელს მიაწვდის სტაბილურ ენერგიას“, - აცხადებს კომპანია „უსასრულო ენერგიის“ დირექტორი თორნიკე ბახტურიძე.

ცნობისთვის, ეკონომიკის სამინისტრომ ელექტროენერგიის სიმძლავრის მეორე აუქციონი 8 იანვარს გამოაცხადა, სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონში განაცხადების წარდგენა 12 თებერვლის 18 საათამდე გაგრძელდება.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები