მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოსავლების მატება არა მხოლოდ მიგრანტების ეფექტით, IT სექტორის ბუნებრივი ზრდითაცაა გამოწვეული - ასოციაცია

თორნიკე სულაბერიძე

ICT ასოციაციაში აცხადებენ, რომ თუკი გასულ წლებში IT სექტორის მკვეთრი ზრდა ძირითადად მიგრაციულ ბუმს უკავშირდებოდა, ამჟამად დარგში უკვე მეტწილად ბუნებრივი ზრდის ტენდენციები ფიქსირდება.

საქმე ისაა, რომ 2025 წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 791 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 66%-ით, ანუ 316 მილიონი დოლარით მეტია. ეს მაჩვენებელი მთლიანად 2024 წლის შედეგებსაც აღემატება.

როგორც BMG-სთან ICT ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, თორნიკე სულაბერიძე აცხადებს, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე, საქართველოში შექმნილ IT პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია.

“ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2022 წლის შემდეგ IT არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი საქართველოს ეკონომიკაში. 2024 წელს სექტორის საგარეო შემოსავლებში კლება იყო 2023 წელთან შედარებით, რადგან 2023 წელს იყო გარკვეული ბუმი. თუმცა 2025 წლის [ზრდა] შეიძლება აიხსნას ორი ფაქტორით. პირველი - ბაზარი გაჯერდა 2022-2022 წლების შემდეგ და მიგრანტების ეფექტის შემდგომ უკვე ადგილობრივი ტალანტებიც განვითარდნენ და დაიწყო ადგილობრივი ტალანტის დასაქმება.

მეორე ფაქტორი ისაა, რომ საქართველოში გადმოსული IT კომპანიების ექსპორტი გაიზარდა, მათ მიერ გაწეული მომსახურება გაიზარდა. მოგეხსენებათ, ძირითადად ჩვენი სექტორი დამოკიდებულია ექსპორტზე. ჩემი მოლოდინია, რომ 2025 წელი მოცულობით გადაასწრებს რეკორდულ 2023 წელს. ეს არ იქნება მხოლოდ მიგრანტების ეფექტი, არამედ სექტორის დასტაბილურება და ბუნებრივი ზრდა”, - განაცხადა თორნიკე სულაბერიძემ.

აღსანიშნავია, რომ 2022-2023 წლებში IT სექტორში არსებული ბუმი პირველ რიგში მიგრაციულ ეფექტს უკავშირდებოდა, რადგანაც საქართველოში დროებით საცხოვრებლად ათასობით რუსი, უკრაინელი და ბელარუსი IT სპეციალისტი გადმოვიდა, შესაბამისად, მათი საქმიანობაც საქართველოდან მიწოდებულ IT სერვისებად ითვლებოდა.

ცნობისთვის, 2025 წლის 9 თვის მონაცემებით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი საქართველოს ეკონომიკაში სიდიდით მეოთხე ადგილს იკავებს და ნომინალური მშპ-ს 8.2% უჭირავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები