მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შემოსავლების სამსახურში საგადასახადო დავების განხილვის ხარისხი გაუარესებულია - დავით პაპიაშვილი

დავით პაპიაშვილი

ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს 2024 წელს ჯამში 2 547 საჩივრით მიმართეს. 2023 წელთან შედარებით საჩივრების რაოდენობა 11%-ით შემცირდა. თუმცა გაზრდილია სადავო თანხის მოცულობა.

ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს ჯამში საბჭოს 72 სხდომა ჩატარდა, სადაც თითქმის 1.2 მილიარდი ლარის საგადასახადო დავა განიხილეს. 2023 წელთან შედარებით 134 მლნ ლარით გაიზარდა სადავო თანხის მოცულობა.

საგადასახადო სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ საგადასახადო დავებში მთავარი გამოწვევა შემოსავლების სამსახურის დონეზე არსებობს.

როგორც "კრესტონ ჯორჯიას" მმართველი პარტნიორი BMG-სთან აცხადებს, ხშირად შემოსავლების სამსახურის დონეზე ბიზნესის საჩივრის განხილვა არსობრივად არ ხდება, საბოლოოდ კი საჩივრები ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში გროვდება.

"შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებები ჯერ საჩივრდება შემოსავლების სამსახურის დავების სამსახურში და თუ არ დაკმაყოფილდა, შემდეგ საჩივრდება ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში. გარკვეული პრობლემები ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოშიც არსებობს, თუმცა მთავარი გამოწვევა შემოსავლების სამსახურის დავების ეტაპზეა. ჩემი აზრით, დავების განხილვის ხარისხი შემოსავლების სამსახურის დავების ეტაპზე გაუარესებულია.

ბევრი ელემენტარული საკითხია, რომელიც უნდა მოიხსნას, თუმცა არ იხსნება და შემდეგ ეს მიდის ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში. ძალიან ბევრი დავაა, როდესაც საკითხის არსობრივი განხილვა ფინანსთა სამინისტროს დავების ეტაპზე მოხდა და არა შემოსავლების სამსახურში. ასეთი დავები საბოლოო ჯამში შესაძლოა, ბიზნესმა მოიგოს, ეს ყველაფერი დროს უკავშირდება. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ რეფორმა სწორედ პირველ საფეხურზე, ანუ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს დონეზე უნდა გატარდეს“, - განაცხადა დავით პაპიაშვილმა.

ცნობისთვის, საგადასახადო დავების განხილვის საბჭო ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ორგანოა, რომელსაც გადასახადის გადამხდელი მაშინ მიმართავს, როდესაც შემოსავლების სამსახურმა მას გარკვეული საგადასახადო თუ საბაჟო გადასახადი დააკისრა, თუმცა სუბიექტი არ ეთანხმება და ამ გადაწყვეტილებას ჯერ შემოსავლების სამსახურშივე ასარჩივრებს, შემდეგ კი ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ ორგანოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები