მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შემოსავლების სამსახურმა BAG-თან თანამშრომლობით, ადვილად მსხვრევადი საქონლის ჩამოწერასთან დაკავშირებული ახალი რეგულაცია მიიღო

636b7940c0d7e
BM.GE
09.11.22 14:16
1165
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით და წევრი კომპანიების უშუალო ჩართულობით შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობამ მსხვრევადი საქონლის სპეციალისტის მოწვევის გარეშე ჩამოწერასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ BAG-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ბიზნეს ასოციაცია უკვე ერთი წელია მუშაობს, კერძოდ, რამდენიმე სამუშაო შეხვედრის შემდეგ აღნიშნული უფლება მიეცათ პირებს, რომლებიც წარმოადგენენ შემოსავლების სამსახურის კატეგორიზაციით მსხვილი ან საშუალო კატეგორიის გადასახადის გადამხდელებს.

"საგულისხმოა, რომ ამ ფორმით ჩამოწერას დაექვემდებარა მხოლოდ ადვილად მსხვრევადი საქონელი (კაფელი, მეტლახი, მინა, კერამიკული მასალები და სხვა მსგავსი სამშენებლო-სარემონტო საქონელი), რომლის სააღრიცხვო ღირებულება მსხვილი კატეგორიის გადასახადის გადამხდელის შემთხვევაში არ აღემატება 25 000 ლარს, ხოლო საშუალო კატეგორიის გადასახადის გადამხდელის შემთხვევაში - არ აღემატება 3 000 ლარს.

ახალი რეგულაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია, ადვილად მსხვრევადი საქონლის ჩამოწერასთან დაკავშირებით განცხადება წარმადგინოს კალენდარული თვის განმავლობაში ერთხელ. ამასთან, თუკი გადასახადის გადამხდელი საქმიანობას ახორციელებს ერთზე მეტი სავაჭრო ობიექტიდან, იგი უფლებამოსილია ადვილად მსხვრევადი საქონლის ჩამოწერის შესახებ განცხადება წარმოადგინოს თითოეული ობიექტიდან ცალ-ცალკე, ხოლო კალენდარული თვის განმავლობაში წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე ჩამოსაწერი მარაგების ჯამური სააღრიცხვო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს გადასახადის გადამხდელის კატეგორიების მიხედვით დადგენილ ზღვრულ ოდენობებს", - ნათქვამია BAG-ის ინფორმაციაში.

„შემოსავლების სამსახურის მიერ მსხვრევადი საქონლის ჩამოწერასთან დაკავშირებით მიღებული ახალი რეგულაცია უდავოდ პოზიტიურია. შემოსავლების სამსახურმა გარკვეული ანალიტიკური პროცედურების, დაკვირვების, საკითხის შესწავლის შედეგად, მსგავს საქონელზე, შეიძლება ითქვას, მიიღო პრინციპულად სწორი გადაწყვეტილება, რადგან კომპანიები საქონლის იდენტიფიკაციის შეუძლებლობის გამო ბეგრავდნენ ისეთ საქონელს, რომლის რეალიზაცია რეალურად არ მოუხდენიათ. ამასთან შემოსავლების სამსახურთან შევთანხმდით, რომ ჩამოსაწერი საქონლის ღირებულების ზედა ზღვართან დაკავშირებით გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ დავუბრუნდებით დისკუსიას, მას შემდეგ, რაც გვექნება მეტი ინფორმაცია უკვე მიღებული რეგულაციის მოქმედების პრაქტიკაზე, “ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
(NS)


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები