გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს “გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა” 2023 წლის განმავლობაში, რეგულირების ობიექტებზე 5466 ინსპექტირება განახორციელეს, რომელთა მიზანიც აღნიშნული ობიექტების გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება იყო - წლის სტატისტიკას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი თავად აქვეყნებს.
ინსპექტირება განხორციელდა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მფლობელი სუბიექტების, გარემოსდაცვით ტექნიკურ რეგლამენტს დაქვემდებარებული საწარმოების ობიექტებზე.
სამინისტროს ინფორმაციით, შემოწმებული 414 ობიექტიდან 284-ში გარემოსდაცვითი მიმართულებით დარღვევები დაფიქსირდა, 24 მათგანს კი საქმიანობა, დარღვევის სრულ აღმოფხვრამდე, სრულად ან ნაწილობრივ შეეზღუდათ.
“განხორციელდა 414 რეგულირების ობიექტის საქმიანობის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობის გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირება. მათ შორის, 121 - გარემოზე ზემოქმედების ნებართვით, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემოწმება; 3 - ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმება; 13 - სოჭის გირჩით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმება; 7 - სამონადირეო მეურნეობის, თევზჭერის სპეციალური ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმება; 20 - გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობების იდენტიფიცირების მიზნით სასოფლო-სამეურნეო ნათესებიდან ნიმუშების აღება/შემოწმება და 282 - საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების ინსპექტირება.
284 რეგულირების ობიექტს წარედგინა ადმინისტრაციული მიწერილობები გამოვლენილი დარღვევების გონივრულ ვადაში აღმოსაფხვრელად; მათ შორის, 24 რეგულირების ობიექტს ადმინისტრაციული მიწერილობა, დარღვევის სრულ აღმოფხვრამდე საქმიანობის შეზღუდვის (სრული ან ნაწილობრივი) მოთხოვნით წარედგინა”, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, რეგულირების ობიექტების ინსპექტირების მთავარი შედეგი გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა და საქმიანობის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა.