მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესის ნაწილი რეგულაციას კვლავ არ იცავს - რამდენი ობიექტი დაჯარიმდა პლასტიკის პარკების გამოყენებისთვის?

პოლიეთილენის პარკი

4 წელზე მეტია, რაც საქართველოში პოლიეთილენის პარკების აკრძალვა მოქმედებს, თუმცა რეგულაციის აღსრულება გამოწვევაა და მარკეტებსა თუ სხვა სავაჭრო ობიექტებში პროდუქტს კვლავ იყენებენ.

BMG-მა პოლიეთილენის პარკების გამოყენებასთან დაკავშირებით მონიტორინგის შედეგები თბილისის მერიიდან გამოითხოვა. უწყების ინფორმაციით, მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2023 წელს გადამოწმდა 98 და დაჯარიმდა 48 ობიექტი, ჯარიმის საერთო მოცულობა კი 34 000 ლარია. მიმდინარე წელს 18 გადამოწმებული ობიექტიდან 4 დაჯარიმდა, ჯამში 7000 ლარით. ობიექტების ნაწილი განმეორებით დაჯარიმდა. კერძოდ, 2023 წელს განმეორებითი ჯარიმა 20, ხოლო 2024 წელს 4 ობიექტს დაეკისრა.

აღსანიშნავია, რომ 2023-2024 წლებში დაჯარიმებულია როგორც მსხვილი მაღაზიები და ქსელური მარკეტები, ასევე მცირე ზომის მაღაზიებიც.

წარმოების ნაწილში შემოწმების ვალდებულება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს აქვს. როგორც BMG-ს უწყებაში უთხრეს, გასულ წელს და ასევე მიმდინარე წელს ამ მიმართულებით ინსპექტირება არ ყოფილა. 2022 წელს, თბილისის, იმერეთის, გურიის, აჭარის, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში, პარკების მწარმოებელ 51 ობიექტზე მასშტაბური ინსპექტირების შედეგად, სამართალდარღვევები 37-ზე გამოვლინდა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯამში, დალუქეს 3 529 675 ერთეული და 23 378 კგ. პარკი, 60 ცალი და 8036 კგ. რულონი და პარკებით სავსე 1501 ცალი ტომარა. ამავე წელს, თბილისსა და რეგიონებში დამატებით 28 ობიექტი შემოწმდა, საიდანაც დარღვევა 9 საწარმოში გამოვლინდა. ჯამში, 1.3 მილიონზე მეტი ერთეული პოლიეთილენის პარკი დალუქეს.

2019 წლის ივლისიდან, საქართველოში ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აკრძალულია. კანონის მიხედვით, იმპორტის კონტროლს საზღვარზე შემოსავლების სამსახური, საწარმოებში გარემოს დაცვის სამინისტრო, სავაჭრო ობიექტებში კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ახორციელებენ. ამასთან, 2023 წლის 2 იანვრიდან ასაწონად განკუთვნილი პოლიეთილენის პარკებიც აიკრძალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები