მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უფრო მეტად დავაჯარიმებთ, გაფრთხილება აღარ იქნება - მერია ხმაურზე კონტროლს ამკაცრებს

649449b891296
ანუკა ჯოხაძე
24.06.23 14:30
460

მუნიციპალური ინსპექცია აკუსტიკური ხმაურის დარღვევებზე კონტროლს ამკაცრებს. შესაბამისი დავალება სამსახურმა მიმდინარე კვირაში თბილისის მერისგან მიიღო. კახა კალაძის თქმით, დღეს ამ მიმართულებით დარღვევები ფიქსირდება.

დავალების შესრულებას ინსპექცია შეცვლილი მიდგომებით აპირებს. კერძოდ, სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ბიზნესს გაფრთხილება აღარ მიეცემა და დარღვევის აღმოჩენისთანავე დაჯარიმდება. ლაშა მაჭავარიანის თქმითვე, დარღვევები თბილისში მომატებულია, მოსახლეობის მხრიდან კი შეტყობინებები ყველაზე მეტად ტურისტულად დატვირთული რამდენიმე ლოკაციიდან შემოდის.

“საკმაოდ მზარდია აკუსტიკური ხმაურის დარღვევის მაჩვენებელი, რადგან ბიზნესი ვითარდება ქალაქში და ხმაურიც იზრდება. არის ორი მიმართულება ეს არის სამშენებლო ხმაური და სამოქალაქო ხმაური, ვგულისხმობ კლუბებსა და ბარებში წარმოქმნილ ხმაურს. ზოგადად, დილის 8-დან საღამოს 23:00 საათამდე ხმაური არ არის შეზღუდული, ამ პერიოდში შეუძლია მაგალითად, სამშენებლო ბიზნესს განახორციელოს სამუშაოები, ამ დრომ ხმაური არის დასაშვები. კონტროლის გამკაცრებაზე ბატონი მერისგან გუშინ მივიღეთ დავალება. ხანდახან მხოლოდ გაფრთხილებით შემოვიფარგლებოდით, ამ ეტაპზე გაფრთხილებას არ დაველოდებით და შეგვიძლია პირდაპირ დავაჯარიმოთ”,-ამბობს მუნიციპალური ინსპექციის უფროსი.

მთავრობამ თბილისში აკუსტიკური ხმაურის შესახებ რეგულაციები 2017 წლის აგვისტოში მიიღო. რეგულაციების მიხედვით, განისაზღვრა დასაშვები დეციბალების რაოდენობა და საათები, როცა აღნიშნული დეციბალით ხმაური კანონის ჩარჩოებში ექცევა. კანონის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით ჯარიმდება. დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა ორმაგდება.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები