მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოწმებული 50 ნიმუშიდან აკრძალული საღებავი მხოლოდ ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილს აღმოაჩნდა - სეს

სანელებელი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან 50 ნიმუში აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, აკრძალული საღებავები Sudan I და Sudan IV მხოლოდ ერთ ნიმუშში აღმოჩნდა.

კერძოდ, დარღვევა დაფიქსირდა შპს „ნთკ 2016“-ის (მის: ქობულეთის რაიონი, სოფელი ქვედა კვირიკე) მიერ გამოშვებულ სვანურ მარილში, რომლის დამზადების თარიღია 02.02.2026, ხოლო ვარგისიანობის მინიმალური ვადა — 02.02.2027.

გამოვლენილ დარღვევასთან დაკავშირებით, ბიზნესოპერატორს აეკრძალა აღნიშნული სვანური მარილის რეალიზაცია და სააგენტოს ზედამხედველობით განხორციელდა სურსათის ბაზრიდან ამოღება/გამოთხოვა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, შეძენის შემთხვევაში არ გამოიყენონ აღნიშნული პარტიის პროდუქტი.

„სურსათში აკრძალული საღებავების აღმოჩენის შემთხვევები ყოველწლიურად მცირდება, რაც სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების და გააქტიურებული კონტროლის შედეგია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იმპორტის განხორციელებისას“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ კვერნაძემ.

უწყების ცნობით, კვლევის შედეგების და რისკის დონის გათვალისწინებით, 2019 წლიდან წითელი წიწაკის იმპორტისას სპეციალური მოთხოვნები მოქმედებს. რისკზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, 2026 წელს დაგეგმილია სხვადასხვა კატეგორიის სურსათის 177 ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევა სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე.

„სუდანის“ ჯგუფის საღებავები ბუნებრივად არ გვხვდება სურსათში, მიეკუთვნება ხელოვნურ აზო-საღებავებს და არ წარმოადგენს ნებადართულ საკვებდანამატს. სურსათში მათი (Sudan I; Sudan II; Sudan III; Sudan IV; Sudan orange G; Sudan Red G; Sudan Red 7 B და Sudan red B) გამოყენება კანონმდებლობით აკრძალულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები