გორის რაიონის სოფელ კარალეთში ფრინველთა უკანონო სასაკლაო გამოავლინეს - სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე თ. ჭ.-ის კუთვნილი ფრინველთა სასაკლაო შეამოწმეს.
"ინსპექტირების შედეგად ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. ამასთან, დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.
გამოვლენილი დარღვევების გამო მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა", - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.
სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას. სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, საქმიანობა კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით განახორციელონ და არ აწარმოონ სურსათი შესაბამისი აღიარებისა და რეგისტრაციის გარეშე.




























