სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის დეკემბერში ქვეყანაში საარსებო შემწეობა 708 017 პირმა მიიღო. აქედან 244 895 საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეა. ნოემბერთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 1465-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ საარსებო შემწეობას მოსახლეობის 19%-ზე მეტი იღებს, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი 2024 წელს 18% იყო.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლიდან სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომლითაც შემწეობის მიმღებები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 300 ლარს იღებენ, ჩერდება. ოფიციალური სტატისტიკით, მთავრობას 2022-2024 წლებში 40 ათასამდე სოციალურად დაუცველი ჰყავდა დასაქმებული.
მთავრობა ამბობს, რომ ქვეყანაში სამუშაო ძალის დეფიციტია და სოციალურად დაუცველებს, რომლებსაც აქამდე თავად ასაქმებდა, ახლა დასაქმების ბაზარზე უშვებს. თუმცა ამ დრომდე ღიად რჩება კითხვა, 300-ლარიან სამუშაოსთან ერთად დაკარგავენ თუ არა ეს ადამიანები სოციალურად დაუცველის სტატუსსაც.
დეკემბერში საარსებო შემწეობაზე ბიუჯეტიდან 71 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ქვეყანაში შემწეობას 278 ათასზე მეტი ბავშვი იღებს.



























