„თბილისი ცენტრალის“ დირექტორი, ლევან ყარალაშვილი სავაჭრო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებას ბაზარზე არსებულ გაურკვევლობასა და მომხმარებლის შეცვლილ ქცევას უკავშირებს.
მისი თქმით, შემცირებული გაყიდვების ფონზე, ბიზნესი ახალი ობიექტების გახსნასა და ბრენდების შემოყვანას ერიდება. როგორც ყარალაშვილი BMG-სთან განმარტავს, მოქალაქეები ნაკლებს ხარჯავენ და პრიორიტეტს პირველადი მოხმარების საგნებს ანიჭებენ.
“ქცევა არის მომხმარებლის შეცვლილი, რაც არაერთგზის აღვნიშნე. კერძოდ, უფრო აქცენტი გაკეთებულია პირველადი მოხმარების საგნებზე, საკვებ პროდუქტებზე და მომხმარებელი ნაკლებს ხარჯავს. პლუს გაურკვევლობა საკმაოდ მაღალია და ეს ყველაფერი აისახება უკვე კონკრეტული კომპანიების ბრუნვაზე და გაყიდვების მოცულობაზე.
გაყიდვების შემცირებული მოცულობა, რა თქმა უნდა, არანაირი სტიმული არაა იმის, რომ ახალი ინვესტიცია გააკეთო. თუ ქსელები გეგმავდნენ, რომ ან ახალი ობიექტი დამატებულიყო, ან ახალი ბრენდი შემოეყვანათ, ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ეს პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია. ამის გამოძახილია ინვესტიციის კლებაც.
პირველი კვარტალი ყველაზე რთული იყო, შარშანდელი პოლიტიკური ვნებათაღელვების ფონზე და დემონსტრაციების ფონზე და დაახლოებით 25% იყო შემცირება გაყიდვების პირველ კვარტალში. მეორე კვარტალმა ცოტა ამოქაჩა და ეს „გეპი“ 15%-მდე შემცირდა და სამი კვარტალის მონაცემებით დაახლოებით 10%-მდე ჩამოვიდა.
მოლოდინი არის ქამრების შემოჭერის, შესაბამისად, მომავალ წელს რომ ვთქვა, რაიმე დიდ გარღვევას ან ზრდას გეგმავს სავაჭრო სექტორი, უბრალოდ მოვიტყუები",- ამბობს თბილისი ცენტრალის დირექტორი.
ცნობისთვის, 2025 წლის მესამე კვარტალში ვაჭრობაში 47.4 მლნ ამერიკული დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, რაც გასულ წელთან შედარებით 19.8 მლნ დოლარით შემცირებული მაჩვენებელია. უფრო მეტიც, სექტორში ინვესტიციები 2025 წლის სამივე კვარტალში შემცირებას აჩვენებს.



























