მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შემზღუდავი კანონები, სასტიკი მოპყრობა, თვითნებური დაკავებები ... - სახდეპის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ

აშშ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ გასულ წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ მნიშვნელოვან ნეგატიურ მოვლენებს შორის იყო ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამოქმედება.

ანგარიშში წერია, რომ ეს კანონი სანდო არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, ზღუდავდა გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას.

ანგარიშში მოხვდა "ქართული ოცნების" მიერ მიღებული სხვა სადავო კანონებიც. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ადამიანის უფლებების მხრივ ნეგატიურ მოვლენებს შორის არის ე.წ. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონიც, რომელიც გამოხატვის გარკვეული ტიპების კრიმინალიზაციას ახდენდა, ასევე დაშინების, იძულებისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების კამპანია, რომელიც ზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებას, განსაკუთრებით ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.

დოკუმენტის მიხედვით, ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვან საკითხებს შორის იყო სანდო ცნობები შემდეგი შემთხვევების შესახებ: წამება ან სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ან სასჯელი; თვითნებური დაპატიმრება და დაკავება; და გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვები, მათ შორის მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და ძალადობის მუქარა, ჟურნალისტების უსამართლო დაპატიმრებები და სისხლისსამართლებრივი დევნა, და ე.წ. გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების შემაძრწუნებელი გავლენა.

მასში ასევე ხაზგასმულია, რომ მთავრობამ ნაბიჯები გადადგა ადამიანის უფლებების დარღვევის ჩამდენი ზოგიერთი თანამდებობის პირის მიმართ გამოსაძიებლად და დასასჯელად, თუმცა დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა.

ანგარიშში ასევე საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები ცენტრალური მთავრობის კონტროლის მიღმა რჩებოდა და დე ფაქტო ხელისუფლებას რუსული ძალები უჭერდნენ მხარს. ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან პრობლემებს შორის იყო თვითნებური დაპატიმრებებისა და დაკავებების შესახებ სანდო ცნობები. ორივე რეგიონში რუსული და დე ფაქტო ხელისუფლება დაუსჯელად სჩადიოდა დარღვევებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები