მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შენობების ენერგოეფექტურობის მოთხოვნების ამოქმედება შესაძლოა ერთი წლით გადავადდეს

60bde5f4cf44b
სალომე მეცხვარიშვილი
07.06.21 15:14
812
შენობების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ამოქმედებამ შესაძლოა ერთი წლით გადაიწიოს და მიმდინარე წლის 30 ივნისის ნაცვლად 2022 წლის 30 ივნისიდან ამოქმედდეს. ვადის გადაწევას ითვალისწინებს პარლამენტარების მიერ შედგენილი კანონპროექტი „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, 30 ივნისამდე ვერ ესწრება მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოებში (მუნიციპალიტეტები და სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო“) სათანადო კადრების მომზადება, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ამ მოთხოვნების ადმინისტრირება მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში.

“აღნიშნული მნიშვნელოვანწილად განაპირობა კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეულმა სირთულეებმა. დამატებითი დრო დასჭირდა ტრენინგისა და გადამზადებისთვის სათანადო პროცესის დაწყებისთვის ტენდერის მეშვეობით შესაბამისი საკონსულტაციო კომპანიის შერჩევისა და მასთან მოლაპარაკებების წარმართვას. აღსანიშნავია, რომ ეს მხარდაჭერა ფინანსდება გერმანიის განვითარების ბანკის KFW-ს მიერ”,- ნათქვამია განმარტებით ბარათში.

კანონის მიხედვით, შენობების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მოუწევთ როგორც ახალ მშენებლობებზე, ასევე ძველის მნიშვნელოვანი რესკონტრუქციის დროსაც.

„შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების ავტორები შემდეგი პარლამენტარები არიან: დავით სონღულაშვილი, ისკო დასენი, ლევან მგალობლიშვილი, გოჩა ენუქიძე, ბეჟან წაქაძე, ვასილ ჩიგოგიძე, ელგუჯა გოცირიძე. კანონპროექტის განხილვა დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები