მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შენობების ენერგოეფექტურობის რეგულაცია, შესაძლოა, ისევ გადავადდეს

6290be9151e18
ელენე გოგბერაშვილი
27.05.22 21:00
2036
კერძო და საჯარო სექტორისთვის შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის ფარგლებში ახალი რეგულაციების ამოქმედება სავარაუდოდ კიდევ გადავადდება. კანონი ძალაშია, თუმცა როგორც ირკვევა, მის აღსრულებაზე პასუხისმგებელი რგოლი ამისთვის მზად არ არის.

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ კანონი ჯერ კიდევ გასული წლის ივნისიდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა მშენებლობის ნებართვის გამცემ რგოლში პანდემიის გამო შესაბამისი კადრების მომზადება ვერ მოესწრო და ცვლილებების ამოქმედება ერთი წლით გადავადდა. როგორც ჩანს კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი რგოლი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროა, შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების დროულ მიღებას და სათანადო კადრების მობილიზებას, ვერც მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე ასწრებს, ამიტომ შესაძლოა კანონის აღსრულების ვადამ კიდევ გადაიწიოს. ამის შესახებ bm.ge-სთან ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი საუბრობს, რომელიც უშუალოდ არის ცვლილებების ავტორი და ასევე აქტიურ კომუნიკაციაშია სამინისტროსთან.

რაც შეეხება კანონის მოთხოვნებს, განურჩევლად საკუთრების ფორმისა, ყველა ახალმა შენობამ ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. კერძოდ, შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი განსაზღვრავს, როგორი უნდა იყოს მაგალითად შენობის სახურავი, კედლები ან იატაკი. კანონის მოქმედება ვრცელდება ასევე უკვე არსებულ შენობებზე, რომელიც რეკონსტრუქციას საჭიროებს.

კანონი შედარებით ლიბერალურია სამრეწველო საწარმოების მიმართ. მაგალითად პირველი კატეგორიის საწარმოებს მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ ენერგო აუდიტის ჩატარების ვალდებულება აქვთ.

„ახლა მიმდინარეობს მუშაობა მეორად კანონმდებლობაზე, კანონქვემდებარე აქტებზე და იმ საფუძვლის მომზადებაზე, რომ კანონით განსაზღვრული მოთხოვნები იქნას შესრულებული. გარკვეული ჩამორჩენაა მზაობის კუთხით. სავარაუდოდ ინიცირებული იქნება ახალი ვადების შეთავაზება ბაზრისთვის, რადგან მხოლოდ კანონქვემდებარე აქტის შემუშავება არ უზრუნველყოფს წინაპირობებს მასში განსაზღვრული დებულებების ფუნქციონირებისთვის. სტრუქტურა უნდა შეიქმნას, უნდა მომზადდეს ადამიანი რესურსი, რომელსაც გარკვეული დრო და ვადები სჭირდება.

აქტიური სამუშაო პროცესი მიდის, სავარაუდოდ სხვადასხვა ვადა იქნება სხვადასხვა მოთხოვნაზე იმის მიხედვით, თუ რამდენად არის კერძო სექტორი მზად, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, კერძო სექტორის მზაობა არ არის ყველაზე დიდი პრობლემა ამ პროცესში, არამედ იმ ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსის და ინსტიტუციების მზაობა, რომელიც საჭიროა პროცესის ადმინისტრირებისთვის. კერძო სექტორის მზაობა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ყველაზე კრიტიკული ამ პროცესში“-აცხადებს გიორგი აბულაშვილი.

bm.ge ცდილობდა მოეპოვებინა ინფორმაცია, თუ რამდენად მზად არის სამშენებლო სექტორი წარმოდგენილი მოთხოვნების შესასრულებლად, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ჯერ ისინი დეტალურად არ არიან ინფორმირებული, რა მოთხოვნები იქნება გაწერილი იმ მეორეულ კანონმდებლობაში, რომელთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ შეუმუშავებელია.

კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით bm.ge განმარტებებს ელის ეკონომიკის სამინისტროდანაც.

რაც შეეხება კანონის სხვა მოთხოვნებს, როგორც ენერგოეფექტურობის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, კანონი ადგენს გამონაკლისებსაც, მათ შორის რეგულაცია არ გავრცელდება მათზე, ვინც 50-ზე ნაკლები კვადრატული მეტრის შენობას ააშენებს ან რეკონსტრუქციას ჩაუტარებს.

„ცვლილებები ეხება ყველას, ვინც აპირებს ახალი შენობის აგებას, თუმცა არის გარკვეული გამონაკლისები შენობის იატაკის ფართობის მიხედვით, შენობის დანიშნულების მიხედვით... მაგალითად 50 კვადრატულ მეტრზე ნაკლები შენობის აგებისას კანონმდებლობისგან თავისუფლდება, ასევე რელიგიური და კულტურული შინაარსის შენობები. ასევე ყველა სხვა შენობა, სადაც პროექტის ავტორი ეკონომიკური გათვლებით დაასაბუთებს, რომ იქ ენერგოეფექტური ღონისძიების განხორციელება არ არის ხარჯთეფექტური, ასეთის შემთხვევაში ისიც გათავისუფლებული იქნება“- განმარტავს აბულაშვილი.

ენერგოეფექტიანობის შესახებ მინიმალური მოთხოვნები, რა თქმა უნდა, გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ჩატარებული კვლევების თანახმად, რეგულაცია შენობების თვითღირებულებას 5-დან 10%-მდე გააძვირებს, თუმცა გაცილებით მაღალი იქნება ის სიკეთე, რასაც ცვლილებები მოიტანს. კერძოდ შენობების საექსპლუატაციო ხარჯები, რომელშიც შედის ასევე ენერგოგადასახადები დაახლოებით 40%-ით ან მეტით შემცირდება.

აღსანიშნია, რომ მზადების პროცესშია ასევე ცვლილებები, რომელიც ყველა მოქალაქეს თანაბრად შეეხება. მათ ნებისმიერი შენობის, მათ შორის ბინის ან ოფისის გაქირავებისას სავალდებულო წესით მოუწევთ ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის მომზადება, თუმცა ეს სისტემა ჯერ ასაწყობია და მისი ამოქმედება მიმდინარე წელს არ განიხილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები