ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ინჟინერ-კონსტრუქტორთა ასოციაციის დირექტორ დავით გიგინეიშვილის განცხადებით, საქართველოში სეისმომედეგობის თვალსაზრისით საკმაოდ რთული სურათია.
მისი თქმით, საცხოვრებელი ფონდის დიდი ნაწილი 1990 წლამდეა აშენებული, რაც მიწისძვრების შემთხვევაში ძალიან დიდი ხიფათის შემცველი არ არის, თუმცა გაცილებით მოწყვლადია, ვიდრე 1990 წლის შემდეგ აშენებული შენობები.
„სეისმომედეგობის კუთხით საკმაოდ რთული სურათია. საცხოვრებელი ფონდის ძალიან დიდი ნაწილი არის აშენებული 1990 წლამდე. ეს არ ნიშნავს, რომ ცუდად იყო აშენებული, უბრალოდ 1990 წლამდე მაშინდელი კლასიფიკაციით, მაგალითად თბილისი იყო 7 ბალიანი ზონა, 1988 წლის შემდეგ თბილისი გახდა 8 ბალიანი ანუ გაორმაგდა. 7-დან 8 ბალზე გადასვლა ნიშნავს სეისმური ძალების თითქმის გაორმაგებას. გაორმაგდა მოთხოვნები შენობების მიმართ, შესაბამისად ყველა იქამდე აშენებული შენობა არც იყო გაანგარიშებული იმ სეისმო დატვირთვაზე, რაც მოსალოდნელია ახალი, თანამედროვე ახალი სეისმო საშიშროების რუკებით.
ჩემი აზრით, 1990 წლამდე აშენებული შენობები უფრო მოწყვლადია ძლიერი მიწისძვრების მიმართ, ვიდრე მას შემდეგ აშენებული შენობები. ეს არ ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ხიფათის შემცველია, არ არის ეგრე, უბრალოდ მეტი მონიტორინგი სჭირდება, მეტი კონტროლი სჭირდება, მცხოვრებლებიც უფრო გულდასმით უნდა აქცევდნენ ყურადღებას მაგალითად, თუკი სადმე რაღაც საშიში ბზარი გაჩნდება შენობაში შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართონ სასწრაფოდ, თვითონაც გამოიჩინონ პასუხისმგებლობა. მეტი ყურადღებაა საჭირო მოქალაქეების მხრიდან, ასევე სპეციალისტების მხრიდან მეტი პასუხისმგებლობა საჭირო შენობების პროექტირების პროცესში“,- განაცხადა დავით გიგინეიშვილმა.