უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, მილსადენ "დრუჟბას" მეშვეობით ნავთობმომარაგების შეფერხებებისა და გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე არსებული არასტაბილურობის ფონზე, აზერბაიჯანიდან უნგრეთში ენერგორესურსების მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
„ცოტა ხნის წინ ვესაუბრე აზერბაიჯანის პრეზიდენტს. გვაქვს პირდაპირი კონტაქტები რეგიონის ყველა ლიდერთან - არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, კატართან და ასევე აზერბაიჯანთან - ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას“, - განაცხადა ორბანმა.
მისივე თქმით, არსებულ სიტუაციაში რეგიონში უნგრეთს პარტნიორები, რეალურ მხარდაჭერას უწევენ.
„ისინი არა მხოლოდ მეგობრულები და სტუმართმოყვარეები არიან. ისინი ნამდვილ მხარდაჭერას გვთავაზობენ, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ“, - ხაზგასმით აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, უნგრეთი აზერბაიჯანიდან როგორც ნავთობის, ასევე გაზის იმპორტს ახორციელებს. გარდა ამისა, უნგრულ კომპანიებს MOL-ს და MVM-ს წილები აქვთ აზერი-ჩირაგ-გუნაშლის ნავთობბლოკსა და შაჰ-დენიზის გაზის კონდენსატის საბადოში კასპიის ზღვაში.
რაც შეეხება მილსადენ "დრუჟბას", რომელიც რუსული რაკეტებით დაბომბვის შედეგად დაზიანდა, მის შესაკეთებლად ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის მიღებას უკრაინა დათანხმდა. ეს გადაწყვეტილება მიზნად უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის ნავთობის მიწოდების აღდგენას ისახავს.




























