მსოფლიო ბანკმა 10 იანვარს 2024 წლის მსოფლიო ეკონომიკური პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საქართველოში წელს 4.8%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 2023 წლის პროგნოზზე 0.7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
როგორც “თიბისის” მთავარი ეკონომისტი, ოთარ ნადარაია, BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში აღნიშნავს, “თიბისი კაპიტალის” საბოლოო პროგნოზიც 4.8%-იანი ზრდაა.
“ბოლო პერიოდში არსებობდა ტენდენცია, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პროგნოზები შედარებით ზომიერი იყო და შემდეგ ხდებოდა ზრდის მიმართულებით გადახედვა. ჩვენი საბოლოო სცენარიც 4.8%-იანი ზრდაა საქართველოსთვის”, - ამბობს “თიბისის” მთავარი ეკონომისტი.
ნადარაიას თქმით, წელს საქართველოში მიგრანტების ეტაპობრივი გადინებაა მოსალოდნელი: “თიბისის არხებიდან ვხედავთ, რომ ნოემბრიდან მიგრანტების ხარჯებმა კლების ტენდენცია აჩვენა - ეს ჩანს უძრავი ქონების ბაზარზეც, ქირის თვალსაზრისით. მართალია, მკვეთრი გადინება იქნება იმ სცენარის შემთხვევაში, თუ რეგიონში კონფლიქტი დასრულდება, თუმცა ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება”, - ამბობს ის.
რაც შეეხება გლობალურ პროგნოზს, ნადარაიას თქმით, 2024 წელს ზოგიერთ ქვეყანაში მოსალოდნელია ეკონომიკური რეცესია.
“ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ მსოფლიო ეკონომიკის ზრდა შენელდება, ისევე როგორც ეს მოხდა ჩინეთში, და შესაძლოა იყოს რეცესიაც კი, იგივე აშშ-ში. შეგახსენებთ, როდესაც ყველაფერი კარგადაა, ამის შემდეგ იწყება რეცესია.
მოსალოდნელია წამყვანი ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაც, ევროპაში ეკონომიკის კუთხით სერიოზული გამოწვევებია, შესაბამისად, სცენარის ამ კუთხით განვითარება საკმაოდ რეალისტურია”, - ამბობს ოთარ ნადარაია.
იმას, რომ 2024 წელი შესაძლოა რთულად პროგნოზირებადი იყოს ეკონომისტებისათვის, შუა აღმოსავლეთის კონფლიქტი და აშშ-ში ინფლაციის დონის ზრდაც ადასტურებს - ნადარაია აღნიშნავს, რომ ამერიკული საპროცენტო განაკვეთი პირდაპირ რეაგირებს ქართული ფასიანი ქაღალდების რეალიზებაზეც.
“ცალკე აღნიშვნის ღირსია დოლარში საპროცენტო განაკვეთი: მაღალი ინფლაცია მაღალ განაკვეთს ნიშნავს და ეს მნიშვნელოვანია. როდესაც გრძელვადიან ფასიან ქაღალდებზე განაკვეთი იზრდება, ჩვენნაირ ეკონომიკებში ინვესტირების სურვილი იკლებს და ეს ერთგვარად ჩანს კიდეც ლართან მიმართებით: ლარში ფასიან ქაღალდებს თუ შევხედავთ, არარეზიდენტების წილი შემცირებულია, რაც დოლარის განაკვეთთან პირდაპირ კავშირშია.
რაც შეეხება რეგიონულ კონფლიქტს, თიბისის არხებიდან ჩანს, რომ ისრაელის მოქალაქეების ტრანზაქციებს თუ დავაკვირდებით, ტურიზმში მათგან შემოსავალი შემცირდა, თუმცა მათი ყოველდღიური, საყოფაცხოვრებო ხარჯები გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული მიგრაციის ეფექტი ისრაელიდანაც არის”, - აცხადებს ოთარ ნადარაია.
ასევე მსოფლიო ბანკის მიხედვით, 2024 წლის ბოლოსთვის გლობალური ეკონომიკა ანტირეკორდს დაამყარებს - გლობალური მშპ-ს ზრდის ტემპი ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი იქნება.
“თიბისი კაპიტალი” 2024 წლის ეკონომიკურ პროგნოზს მომდევნო კვირას გამოაქვეყნებს.