პარასკევს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით პლასტიკის ბოთლების აკრძალვის რეგულაციაზე ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა.
როგორც "იბერია რეფრეშმენტსი - პეპსი საქართველოს" ფინანსური დირექტორი ნინო მამისაშვილი BMG-სთან აცხადებს, შეხვედრა კონსტრუქციული იყო და აქვს მოლოდინი, რომ კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმება მოხერხდება.
მისივე თქმით, სამინისტროში ხედავენ, რა რისკების წინაშეა ბიზნესი და არსებობს მზაობა, რომ მიზნის მიღწევა ბიზნესის დაზარალების გარეშე მოხდეს. ნინო მამისაშვილის ინფორმაციით, საკითხზე მუშაობა გაგრძელდება.
"განვიხილეთ ზოგადად ის კანონი, რომლის მიღებაც იგეგმება 2027 წლიდან, მისი ნეგატიური მხარეები, პოტენციურად რა ზიანი შეიძლება მოიტანოს. ძალიან მოგვეწონა ის, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან დაინტერესება იყო, ანუ მოგვისმინეს, გაიგეს ჩვენი პოზიცია და ამ შეხვედრის შედეგად დაგვრჩა განცდა, რომ რაღაც კომპრომისულ ვარიანტზე შესაძლებელი არის შეთანხმება. შევთანხმდით, რომ ამ საკითხზე მუშაობას გავაგრძელებთ. შემდგომი შეხვედრა შედგება დაახლოებით სამ კვირაში, ერთ თვეში და ორივე მხარეს რაღაც პოზიციები გვექნება ამ დროისთვის უფრო მეტად ჩამოყალიბებული და ვფიქრობთ, რომ შემდეგი შეხვედრა ბევრად უფრო ნაყოფიერი იქნება და უკვე კონკრეტული შედეგები გვექნება ალბათ შემდეგი შეხვედრისთვის. სექტორმაც უნდა ჩამოაყალიბოს, რა შეიძლება იყოს კომპრომისული ვარიანტი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდანაც უნდა მოხდეს ამ საკითხზე მუშაობა, რაც დავიწყეთ პარასკევის შეხვედრით. შესაძლებელია, რომ [რეგულაციის] გადავადებაც იყოს, შესაძლებელია ცვლილებაც იყოს",- ამბობს ნინო მამისაშვილი.
BMG დაინტერესდა, რამდენად იმოქმედა რეგულაციის დაანონსებამ კომპანიის საინვესტიციო გეგმებზე.
"ზოგიერთი ამ რეგულაციასთან კავშირშია, ზოგიერთი ინვესტიცია რეგულაციასთან არ არის დაკავშირებული და ამას რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ. ზოგიერთი პირდაპირ არის პეტის ხაზებთან დაკავშირებული და ამიტომ გარკვეული პერიოდით თავი შევიკავეთ და განვაახლებთ აუცილებლად ამ მიმართულებით ინვესტირებას ისევ, იმიტომ რომ ვფიქრობთ, რაღაც კომპრომისული ვარიანტი გამოინახება",- აღნიშნა ნინო მამისაშვილმა.
საქმე ის არის, რომ საქართველოს მთავრობამ 12 მარტის სხდომაზე მიიღო დადგენილება „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“. 2026 წლის 1 ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტებს აეკრძალებათ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებში სასმელების მიწოდება. ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და მათი ბაზარზე განთავსება. დადგენილებით განსაზღვრულია გამონაკლისებიც. აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე, მათ შორის არაალკოჰოლურ და ალკოჰოლურ სასმელებზე. გამონაკლისი შეეხება ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებისთვის სასმელი წყლის წარმოებასა და მიწოდებას.
16 მარტს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პლასტმასის ბოთლების აკრძალვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ბიზნესსექტორთან კონსულტაციების გარეშე არ იქნება მიღებული. კობახიძის თქმით, მთავრობა მზად არის, განიხილოს როგორც რეგულაციის გადავადება, ისე მისი შეცვლა.
"სექტორში დასაქმება 2000-ზე მეტით შემცირდება”- Pepsi Georgia პლასტმასის ბოთლების აკრძალვაზე
“პლასტიკის ბოთლების აკრძალვით ფასი ლიტრზე მინიმუმ 2.5-ჯერ გაიზრდება”- Pepsi Georgia




























