მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შესაძლებელია თუ არა სურსათზე ფასების შემცირება „ოცნების“ პირობებში? - დიმიტრი ცქიტიშვილის შეფასება

დიმიტრი ცქიტიშვილი

საქართველოში საბაზისო სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემად რჩება. როგორც „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი Facebook-ზე წერს, ფასების დონე რიგ შემთხვევებში უკვე განვითარებული ევროპული ქვეყნების მაჩვენებლებსაც აღემატება.

ცქიტიშვილის შეფასებით, ფასების ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ეკონომიკური ზრდა და ინფლაციური ზეწოლა, ჩრდილოვანი ეკონომიკის მაღალი წილი, მცირე ბაზრის ეფექტი და მაღალი დღგ. თუმცა, მისი თქმით, ძირითადი მიზეზი წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული მონოპოლიები, ოლიგოპოლიები და კარტელური შეთანხმებებია.

მისივე განმარტებით, რეალური კონკურენცია ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს როგორც იმპორტის, ისე რეალიზაციის დონეზე, განსაკუთრებით კი ქსელური სუპერმარკეტების სეგმენტში. პრობლემა, ცქიტიშვილის თქმით, არ შემოიფარგლება მხოლოდ საკვები პროდუქტებით და მოიცავს საყოფაცხოვრებო ქიმიას, ფარმაცევტულ ბაზარს, ნავთობპროდუქტებსა და სხვა სფეროებს, რომლებიც მოსახლეობის ცხოვრების დონეზე პირდაპირ აისახება.

ყოფილი დეპუტატი სკეპტიკურად აფასებს ხელისუფლების რეაგირებას ფასების ზრდაზე და აღნიშნავს, რომ მთავრობა, სავარაუდოდ, კვლავ დროებით შეთანხმებებს დადებს ბაზრის მსხვილ მოთამაშეებთან, როგორც ეს ადრე ნავთობპროდუქტებისა და ფარმაცევტული ბაზრის შემთხვევაში მოხდა. მისი თქმით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ბიზნესთან შეხვედრებს, კონკურენციის სააგენტოს გააქტიურებას და რამდენიმე სიმბოლურ ჯარიმას, რაც მოკლევადიან პერსპექტივაში ფასების დროებით შემცირებას გამოიწვევს.

" საბაზისო სასურსათო პროდუქტებზე ფასები მართლად კრიტიკულად მაღალია და ბევრ შემთხვევაში განვითარებული ევროპული ქვეყნების ფასებსაც აღემატება.

პრობლემა მართლაც რეალურია და მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს!

ამის მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • ეკონომიკური ზრდა, რომელიც თავისთავად იწვევს ინფლაციურ ზეწოლას,
  • ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბები, რაც ფასებს, შემოსავლებსა და მთლიან ეკონომიკას პრაქტიკულად უკონტროლოს ხდის.
  • ის რომ პატარა ბაზარია და აქ შემოსული საქონლის საბითუმო ფასი უფრო მაღალია ვიდრე სხვა ევროპულ ქვეყანაში.
  • მაღალი დღგ და ა.შ.

თუმცა მთავარი მიზეზი სწორედ ის არის, რაც თავად სამთავრობო კლიპშიც იყო ნახსენები: წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული მონოპოლიები, ოლიგოპოლიები და კარტელური შეთანხმებები.

როგორც იმპორტის, ისე რეალიზაციის ნაწილში (ქსელური სუპერმარკეტების დონეზე) რეალური კონკურენცია ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს.

ეს ეხება არა მხოლოდ საკვებს პროდუქტებს, არამედ საყოფაცხოვრებო ქიმია, წამლები, ნავთობპროდუქტები და სხვა. ყველაფერი რაც ჩვენი ცხოვრების დონეს განსაზღვრავს!

რას ცდილობს ახლა ხელისუფლება? მართლაც აწუხებს თუ არა მოსახლეობის უმრავლესობის პრობლემა ფასების ზრდასთან დაკავშირებით?

დარწმუნებული ვარ არა.

ის კომპანიები, ვინც დღეს აკონტროლებენ ძირითად იმპორტს და სარეალიზაციო ობიექტებს, უკვე წლებია მჭიდროდ არიან დაკავშირებული „ქართულ ოცნებასთან“, და ხშირ შემთხვევაში ხელოვნურად გაზრდილი ფასები სწორედ კარტელებისა და ოცნების ერთობლივი დამსახურებაა და არა უბრალოდ ეკონომიკური დინამიკის ირიბი შედეგი.

რა მოხდება შემდეგ?

როგორც უკვე ვნახეთ ნავთობპროდუქტებსა და ფარმაცევტულ ბაზარზე, ხელისუფლება ისევ დროებით გარიგებებს დადებს ბაზრის ძირითად მოთამაშეებთან.

ვიხილავთ ბიზნესთან შეხვედრებს და კონკურენციის სააგენტოს მოულოდნელ „გამოღვიძებას“.

შესაძლოა რამდენიმე სიმბოლური ჯარიმაც იყოს, შერჩევითი და არასისტემური.

ეს პირველ და სწრაფ შედეგს ნამდვილად გამოიწვევს.

ფასები გარკვეულ პროდუქტებზე დროებით მართლაც შემცირდება.

თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ეს მოქმედება არის არასისტემური და კვლავ მანიპულაციური, გარკვეული პერიოდის შემდეგ ფასები კვლავ ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, ან „ფასდაკლებული“ პროდუქცია გაქრება დახლებიდან, ან კიდე უარესი, ჩანაცვლდება უხარისხო და დაბალფასიანი საქონლით როგორც ეს იაფი თურქული წამლების შემთხვევაში მოხდა.

რა არის რეალურად გასაკეთებელი:

  • რეალურად დამოუკიდებელი ანტიმონოპოლიური ორგანოს ფუნქციონირება
  • ეფექტიანი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა;
  • ბაზრის რეგულირებისა და კონკურენციის მხარდაჭერის დემოკრატიული ინსტიტუტები;
  • გაძლიერებული სამოქალაქო ზედამხედველობა;
  • დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოსგან ან დიდი კომპანიებისგან უსამართლოდ დაჩაგრული კონკურენტების ან მომხმარებლების ცავას;
  • ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და საბანკო სექტორში ორი ბანკის დომინანტური როლის შესუსტება;
  • საგადასახადო სისტემის ფუნდამენტური რეფორმა და ევროპულ მოდელზე გადასვლა (დღგ-ს შემცირება, მოგების გადასახადის გაზრდა, სოციალური დაზღვევის გაძლიერება და სოც დახმარების სისტემის ეტაპობრივი შემცირება,).
  • ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირება და განვითარებაზე ორიენტირებულ ეკონომიკურ მოდელზე გადასვლა.

ევროინტეგრაცია ეკონომიკაში გულისხმობს ისეთი პოლიტიკური ინსტიტუტების გაძლიერებას, რომლებიც მომხმარებლის უფლებებს იცავს და ეწინააღმდეგება კარტელურ შეთანხმებებსა და მაფიოზური ტიპის ბიზნესსტრუქტურების არსებობას ქვეყანაში.

შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი ანტიმონოპოლიური ორგანოს შექმნა საქართველო–ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების სავალდებულო წინაპირობა იყო. თუმცა ოცნებამ ის ისეთივე ფიქციად აქცია, როგორც ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც ეხლა სულაც გააუქმა.

„ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული პოლიტიკის პირობებში ეს სისტემური რეფორმები არ და ვერ განხორციელდება.

რაც არ უნდა სოციალურ სამართლიანობაზე ისაუბროს ოცნებამ, ის მაინც ფერარიზე და ლამბორჯინზე დახამებული ელიტური ორგანიზაციაა", - დაწერა ქციტიშვილმა.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში აღნიშნული სისტემური რეფორმების განხორციელება შეუძლებელია, რაც ფასების ზრდის პრობლემას გრძელვადიან პერსპექტივაში გადაუჭრელს ტოვებს.

ცნობისთვის, "ოცნების მთავრობაში" პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით არის გამოწვეული. რაკლი კობახიძემ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მარკეტებთან აქტიური მუშაობა დააანონსა; სამართალდამცავ უწყებებს ბაზრის მოთამაშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოფხვრის მიზნით, საკითხის სიღრმისეული შესწავლა დაავალა. აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში საჭიროების შემთხვევაში, ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ. პარლამენტს კი საკითხის შესაფასებლად შესაბამისი საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები